ბათუმიდან ყოველწლიურად 80 ათასი ტონა ნაგავი გადის. ბათუმის მერია, მხოლოდ მომსახურებისთვის 7 მილიონ ლარს ხარჯავს. ეს ფიქსირებული თანხაა, რომელიც შპს "სანდასუფთავებას"ერიცხება.
უკვე წლებია არსებობს საკრებულოს დადგენილება, რომლის მიხედვითაც მოქალაქეებმა, ნაგვის გადასახდელი ყოველთვიურად ისევე უნდა გადაიხადონ, როგოც სხვა კომუნალური მოსაკრებლები, თუმცა პრაქტიკაში ეს ასე არ ხდება.
როგორც მერიაში განმარტავენ, საყოფაცხოვრებო ნარჩენების გატანის მოსაკრებლის ამოღება წლებია ვერ ხერხდება, რადგან შესაბამისი საკანონმდებლო ბაზა არ არსებობს, მოქალაქეების დაჯარიმების ან სხვა სანქციების გატარების.
ბათუმის მერიის ფინანსური სამსახურის უფროსი არჩილ ვანაძე აჭარის საზოგადოებრივ მაუწყებელთან ამბობს, რომ უკვე წლებია ბიუჯეტში ამ მოსაკრებლიდან მხოლოდ 2 მილიონ ლარი შედის, თუმცა შემოსავალი, უხეში გათვლებით, 5 მილიონს შეიძლება აღემატებოდეს.
"სამწუხაროდ, მოქალაქეები არ იხდიან ნაგვის გადასახადს, ჩვენ კი არ გვაქვს მექანიზმი ამაზე რაიმე ტიპის ჯარიმა დავაწესოთ. კანონმდებლობა ამას არ ითვალისწინებს. ბათუმის შემთხვევაში '' ენერგო-პრო ჯორჯიასთან'' ხელშეკრულებით ელექტროენერგიის ქვითარზე არის მიბმული ინფორმაცია, თუ რამდენი უნდა გადაიხადოს მოქალაქემ" - აცხადებს ვანაძე.
მისი ინფორმაციით, სხვადასხვა სახის ნარჩენების 30 კატეგორია არსებობს, ყოველთვიურად მოსაკრებელი თანხაც ნარჩენების სახეობის და რაოდენობის მიხედვითაა დადგენილი. ყოველწლიურად სასტუმროების, მაღაზიების, საავადმყოფოების, სამშენებლო კომპანიებისა და სხვა დაწესებულებების მიერ გადახდილი თანხა ჯამურად 2 მილიონს შეადგენს.
"ზუსტი ანალიზი არ გაგვიკეთებია, რამდენი თანხის ამოღებაა შესაძლებელი, თუ მოქალაქეებიც გადაიხდიან საყოფაცხოვრებო ნარჩენების მოსაკრებელს. უხეშად შემიძლია ვთქვა, რომ მინიმუმ 5 მილიონ ლარამდეა შესაძლებელი ამოვიღოთ თანხა" - აცხადებს ვანაძე.
ინფორმაცია ნაგვის გატანის მოსაკრებლის დავალიანების შესახებ მერია მოქალაქეებს ''ენერგო-პრო ჯორჯიას'' ქვითრების და მოკლე ტექსტური შეტყობინების მეშვეობით აწვდის. შუქი ნაგვის გადასახდელთან მიბმული არ არის და დავალიანების გამო ბათუმელებს ელექტროენერგია არ გაეთიშებათ.
მერიაში არ გამორიცხავენ, რომ ეს მოსაკრებელი უახლოეს მომავალში შუქის ან წყლის გადასახადს მიუერთდეს.
"არსებობს გამოცდილება. თბილისში ნაგვის გადასახადი მიბმულია ელექტროენერგიასთან, შესაბამისად თუ არ გადაიხდი რომელიმე კომუნალურს, გაგეთიშება ელექტროენერგია. ვფიქრობთ, რომელიღაც ვარიანტზე შევჯერდეთ, თუმცა გადაწყვეტილებას დამოუკიდებლად ვერ მივიღებთ, ამაზე უნდა იმსჯელოს საკრებულომ" - აცხადებს ვანაძე.
ბათუმის საკრებულოს დადგენილების თანახმად, ბათუმელებისთვის ნაგვის მოსაკრებელი ერთ სულზე 1.30 თეთრია. ოსაკრებელი მაქსიმუმ 4 სულზეა გათვლილი. თუ სახლში 7 წევრი ცხოვრობს, მოსაკრებელი მაიც 5.20 თეთრი იქნება.