საერთაშორისო ორგანიზაცია “ჰუმან რაითს ვოჩმა” 2018 წლის ანგარიში გამოაქვეყნა. 643-გვერდიან დოკუმენტში შეფასებულია გასულ წელს ადამიანის უფლებების მხრივ არსებულ პრაქტიკა 90-ზე მეტ ქვეყანაში, მათ შორის, საქართველოში.
ანგარიშში ნათქვამია, რომ 2017 წელს საქართველოში მმართველმა პარტიამ „ქართულმა ოცნებამ“ ფართო პოლიტიკური კონსენსუსის მიღწევის გარეშე საკონსტიტუციო რეფორმა განახორციელა, რომლითაც ქვეყნის საპარლამენტო მმართველობის სისტემაზე გადასვლა უნდა დასრულებულიყო.
დოკუმენტში საუბარია პოლიციისა და უსაფრთხოების სამსახურის მხრიდან ძალადობის შემთხვევებზე, ნარკოპოლიტიკაზე, პირადი ცხოვრების ხელშეუხებლობის უფლებაზე, შრომით უფლებებსა და მედიის თავისუფლებაზე.
შრომით უფლებების მხრივ აღნიშნულია, რომ საწარმოო ინციდენტების შედეგად ყოველ წელს ათეულობით მუშა იღუპება და ასობით შავდება.
ანგარიშში მოხვდა აზერბაიჯანელი ჟურნალისტის აფგან მუხთარლის, „ბირჟა მაფიის“ და ლგბტ აქტივისტებზე თავდასხმის საქმეებიც. საუბარია ბათუმის ინციდენტზეც. აგვისტოში მომხდარ ფაქტზე, როცა სამ ტრანსგენდერ ქალსა და ლგბტ უფლებადამცველი ორგანიზაციის „თანასწორობის მოძრაობის“ ორ აქტივისტს დაუდგენელი პირები თავს დაესხნენ და დაზიანებები მიაყენეს.
რაც შეეხება მედიას, დოკუმენტში ''რუსთავი 2'' დაკავშირებულ პროცესებზეა საუბარი, ასევე საზოგადოებრივი მაუწყებლის ახალი ხელმძღვანელობის გადაწყვეტილებაზე, როდესაც ხელმძღვანელობამ რამდენიმე პოლიტიკური ტოქშოუ გააუქმა და „რადიო თავისუფლებისა“ და საზოგადოებრივი მაუწყებლის ორი ერთობლივი პროგრამის ტრანსლირება შეწყვიტა.
რეგიონულმა აჭარის ტელევიზიამ კი ორივე გაუქმებული პროგრამა საკუთარ ეთერში განათავსა - აღნიშნულია Human rights watch-ის ანგარიშში.