არის თუ არა საშიში ვირუსი - ექიმები მშობლებს ურჩევენ პირველივე ნიშნებისას საავადმყოფოს მიმართონ

09 იანვარი 2018, 00:00 5743 ნახვა

ძლიერი ხველა, მაღალი ტემპერატურა, სურდო - ბათუმში, ბოლო პერიოდში მედიკოსები აღნიშნული სიმპტომებით დღეში ათობით პაციენტს იღებენ.

პაციენტების დიდი ნაწილი მცირეწლოვანი ბავშვია. მშობლები ყვებიან, რომ პატარებს ბრონხების პრობლემები აღენიშნებათ, რომელიც მოგვიანებით ანთებაში გადადის.

‘’პატარას რამდენიმე დღეა ახველებს, ტემპერატურაც აქვს, ექიმს მიმართეთ, ლარინგიტი დაგვიდგინეს. მკურნალობის შემდეგ ბავშვი შედარებით კარგად იყო, მოგვიანებით ისევ აიწია ტემპერატურა, მორიგი ვიზიტისას აღმოჩნდა რომ ფილტვების ანთების საწყისი ფორმა ჰქონდა’’ - აბობს ვიქტორია.

მედიკოსები მშობლებს ურჩევენ ვირუსის პირველივე ნიშნების დაფიქსირებისას სამედიცინო დაწესებულებს მიმართონ. ექიმი დარეჯან ნიკოლაძე ამბობს, რომ პაციენტებს ძირითადად ვირუსული ხველა აღენიშნებათ, გრიპის შემთხვევა კი ამ ეტაპზე არ ჰქონიათ.

"ბავშვებს აღენიშნებათ შეტევითი მშრალი ხველა, რომელიც განსაკუთრებით ღამით ძლიერდება, ვირუსი ხშირად მაღალი ტემპერატურის ფონზე მიმდინარეობს. როცა რთულდება ბრონხიტში გადადის. ხველა დიდიხანს გრძელდება. მოქალაქეები უბნის ექიმებს გვიკავშირდებიან. თუმცა პაციენტის გასინჯვის გარეშე დანიშნულების მიცემას ვერიდებით. გართულებების თავიდან ასაცილებლად ექიმთან ვიზიტი აუცილებელია’’ - ამბობს დარეჯან ნიკოლაძე.  მედიკოსის თქმით, დეკემბერში მიმართვიანობის უფრო მაღალი მაჩვენებელი იყო.

აჭარის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის მონაცემებით გრიპისა და გრიპის მაგვარ დაავადებათა შემთხვევების რაოდენობა 2018 წლის პირველ კვირაში შემცირებულია. 

‘’ვირუსის ცირკულაცია პირდაპირაა მიბმული გარემოს ტემპერატურაზე. აცივდების შემდეგ ველოდებით მატებას. ამ ეტაპზე რაც ფიქსირდება, ეს არის რესპირატორული ვირუსები, რომელიც 200-მდე სხვადსხვა სახეობისაა. ზოგადად მსუბუქად მიმდინარეობს, უფრო მეტად ბავშვებში ფიქსირდება’’ - ამბობს ნინო ნიჟარაძე.

ჯანდაცვის ცენტრის მონაცემებით, რესპირაციული სინდრომით ჰოსპიტალურ შემთხვევათა რაოდენობამ რეგიონში კვირის განმავლობაში 51 შეადგინა.

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი