''სიამოვნებით შევუშვერ თავს იმ პირველ ქვას, რომელსაც აიღებს და მესვრის ტელევიზია’’ - ვასილ მაღლაფერიძე

29 დეკემბერი 2017, 00:00 2966 ნახვა

‘’სრულად ვიღებ პასუხისმგებლობას და რასაკვირველია, ყველაფერს გავაკეთებ, რომ საზოგადოებამ იცოდეს სიმართლე, რადგან ეს ჩვენი ვალია’’ – აცხადებს საზოგადოებრივი მაუწყებლის გენერალური დირექტორი. ვასილ მაღლაფერიძემ ზვიად რატიანთან დაკავშირებით გასულ სიუჟეტთან დაკავშირებით დღეს განმარტებები გააკეთა. მისი თქმით, პირველი არხი დადგენილი სტანდარტებით მოქმედებდა.

“ცხადია, არც ერთ ადამიანს ეს აჟიოტაჟი არ მოეწონებოდა. სრულად ვიღებ იმ პასუხისმგებლობას, შიგნით რა მოხდა და როგორ მოხდა, მე მაქვს ჩემი დამოკიდებულება ამ სიუჟეტის მიმართ – ეს არ არის დადებითი, მაგრამ ამავე დროს უნდა გითხრათ, რომ სიამოვნებით შევუშვერ თავს იმ პირველ ქვას, რომელსაც აიღებს და მესვრის ტელევიზია’’ – განაცხადა ვასილ მაღლაფერიძემ.

არხის ხელმძღვანელის განმარტებით, შსს-ს მიერ ზვიად რატიანის საქმეზე მიწოდებული ვიდეოს გავრცელება სხვა ჟურნალისტებმაც  საჭიროდ ჩათვალეს, რადგან საზოგადოების დიდი ინტერესი იყო.

„ვფიქრობ, რომ მასალის გამოქვეყნება იყო სწორი, რადგან საზოგადოების დიდი ინტერესი არსებობდა.  მაუწყებელი ისევე მოქმედებდა, როგორც სხვა ტელევიზიები – არის რაღაც სატელევიზიო ქმედების ლოგიკა. ეს გავიდა ხუთივე ტელევიზიაში. რატომ ვუსვამ ამას ხაზს – როცა მიმდინარეობს პირდაპირი ბულინგი ამასთან დაკავშირებით, ამიტომ ვიღებ პასუხისმგებლობას, როცა მიდის პირდაპირი ბულინგი ისე, რომ სიმართლე არ ირჩევა, სასამართლოზე, იურისტები ბრძანდებით, ყველას თავისი უნდა მიეზღოს’’ – განაცხადა ვასილ მაღლაფერიძემ.

საკითხთან დაკავშირებით საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეურვეო საბჭოს თავმჯდომარემაც ისაუბრა. გრიგოლ გოგელია ამბობს, რომ ზვიად რატიანის დაკავების ამსახველ კადრებზე მომზადებული სიუჟეტი საბჭოსთვის მიუღებელი იყო.

ინფორმაციას საზოგადოებრივი მაუწყებელი ავრცელებს.

შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ მიწოდებულ ვიდეო-მასალა, რომელიც პოეტ ზვიად რატიანის საქმეს ეხებოდა პირველი არხის ეთერში, საინფორმაციო გამოშვება “მოამბეში” გავიდა. გამოქვეყნებული ვიდეო სრული ჩანაწერის ფრაგმენტია. რაც ეთერში გასული მასალიდან არ ირკვევა და ამას არც პირველი არხი აზუსტებს. ამასთან არაა ნახსენები, რომ ვიდეო არა სამხრე კამერით, არამედ ტელეფონითაა გადაღებული.

საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის საბჭოს გადაწყვეტილებით, პოეტ ზვიად რატიანის ვიდეოს გამოქვეყნებით, საზოგადოებრივი მაუწყებლის ახალი და მიმდინარე ბლოკის დირექტორმა და ვებგვერდის რედაქტორმა, ქარტიის პირველი და მეათე პრინციპები დაარღვიეს.

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი