"საზოგადოებრივმა მაუწყებელმა ამ მასალის ჩვენებით დააკმაყოფილა არა საზოგადოების ინტერესი, მიეღო ზუსტი ინფორმაცია, არამედ შინაგან საქმეთა სამინისტროს ინტერესი - ზვიად რატიანი წარმოჩენილიყო უაღრესად დამამცირებელ ვითარებაში" - ნათქვამია საჩივარში, რომელიც ზვიად რატიანის მეგობრებმა საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტიაში შეიტანეს.
საჩივარს "საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის" სამდივნო აქვეყნებს. ქარტიამ დასაშვებად სცნო მოქალაქეთა ჯგუფის განცხადება საზოგადოებრივი მაუწყებლის წინააღმდეგ, სადაც სადავო მასალა ეხება პოეტ ზვიად რატიანის დაკავების ვიდეომასალის გამოქვეყნებას.
საზოგადოებრივმა მაუწყებელმა 27 დეკემბერს გამოაქვეყნა შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ მიწოდებული ვიდეო კადრები, სადაც არაფხიზელ მდგომარეობაში მყოფი ზვიად რატიანია ასახული.
ქარტიაში შეტანილი განცხადების თანახმად, ამ ვიდეოს გამოქვეყნებით მაუწყებელმა დაარღვია ქარტიის პირველი (სიზუსტე) და მეათე (პირადი ცხოვრების ხელშეუხებლობა) პრინციპი, ვინაიდან "ზვიად რატიანმა დაკავებიდან იზოლატორში მოთავსებამდე პოლიციელებთან რამდენიმე საათი დაჰყო, როცა მისი თქმით, ისინი მას აყენებდნენ შეურაცხყოფას და ფიზიკურად უსწორდებოდნენ. (ის, რომ ზვიად რატიანი ნაცემია, დამტკიცებულია რამდენიმე სამედიცინო ექსპერტიზით). ამ რამდენიმე საათიდან დამონტაჟებულია 3.45 წუთიანი მასალა, რომელიც არ შეიძლება იყოს რამდენიმესაათიანი პროცესის ზუსტად ამსახველი", - ნათქვამია განცხადებაში და იქვე აღნიშნულია მეათე პრინციპთან დაკავშირებით, რომ ზვიად რატიანის მიმართ "არ არსებობს ისეთი საზოგადოებრივი ინტერესი, რომელიც დამამცირებელი და შეურაცხმყოფელი ვიდეოკადრების გავრცელებას გაამართლებს."
ქარტია საკითხზე დღეს, 28 დეკემბერს, 18.30 იმსჯელებს.