რამ გამოიწვია ნურიისა და არდაგანის ტბებში ტოქსიკური წყალმცენარეების მომატება? ჰიდრობიოლოგიური კვლევის წინასწარი შედეგები ცნობილია. გარემოს ეროვნული სააგენტოს მეთევზეობისა და შავი ზღვის მონიტორინგის სამსახურში აცხადებენ, რომ ტბებში ციანობაქტერიების 90% შემცველობა დადასტურდა. უწყებაში პრევენციულ ღონისძიებებზე საუბრობენ და განმარტავენ, რომ ტბის მხოლოდ ნარჩენებისგან გათავისუფლება საკმარისი არ არის და აუცილებელია მათი ვენტილაცია. კონკრეტულად კი ტბების ზღვასთან კავშირი. წინააღმდეგ შემთხვევაში ზღვისპირა ქალაქს მათი სახით 2 მკვდარი წყალსაცავი შეემატება. სპეციალისტები იმის დასადგენად, თუ რა ტიპის ბიოლოგიური პროცესები მიმდინარეობს ტბებში, რეგულარულ მონიტორინგს გააგრძელებენ. შეგახსენებთ, მას შემდეგ რაც ტბებში მომწამვლელი ნივთიერებები დაფიქსირდა, თევზაობა და ნავით გასეირნება აიკრძალა. შეზღუდვა დღემდე ძალაშია.