‘’მოძრავი ქონების ანაზღაურებაზე გამოძიების დასრულების შემდეგ ვისაუბრებთ’’ - ეს განცხადება აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ დღეს გააკეთა. ზურაბ პატარაძე, სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს წარმომადგენლებთან ერთად, იმ კორპუსთან იმყოფებოდა, სადაც 10 დეკემბერს აფეთქება მოხდა.
რეგიონის პირველი პირი ამბობს, რომ მოძრავი ქონების დაზიანების შემთხვევაში თანხებს ბათუმის მერია ვერ გამოყოფს.
‘’რაც შეეხება მოძრავ ქონებას, ეს უკვე გამოძიების პრეროგატივაა, ნუ დავასწრებთ მოვლენებს. ამასთან დაკავშირებით ჩვენ მყისიერ გადაწყვეტილებას ვერ მივიღებთ. დაველოდოთ შედეგებს. მოგვიანებით დამატებით ვიმსჯელებთ რა ბედი ეწევათ, იმ ადამიანებს ვისაც აფეთქების დროს მანქანები დაუზიანდათ. მესმის მოქალაქეების და მაქსიმალურად შევეცდებით გამოსავალი ვიპოვოთ’’ - აცხადებს ზურაბ პატარაძე.
შინაგან საქმეთა სამინისტროს წარმომადგენელთა განცხადებით ხარიტონ ახვლედიანის ქუჩაზე მომხდარი აფეთქების დროს 13 ავტომანქანა დაზიანდა.
შემთხვევის შედეგად 7 ადამიანი დაშავდა, დაზიანებულია 45 სახლი.