ხიხანის ციხის რეაბილიტაციის ტენდერი ორჯერ ჩავარდა. ტენდერში მონაწილეობა არცერთმა კომპანიამ არ მიიღო. აჭარის კულტურული მემკვიდრეობის დაცვის სააგენტოს ინფორმაციით, მიმდინარე წელს, სააგენტომ მესამედ ტენდერის გამოცხადებისგან თავი შეიკავა, ვინაიდან ზამთრის სეზონზე ხიხანის ციხეზე, რთული კლიმატური პირობებიდან გამომდინარე, სამუშაოების ჩატარება დაუშვებელია.
ლაშა ასლანიშვილის განცხადებით მესამედ ტენდერის გამოცხადებას გაზაფხულზე გეგმავენ. შესაბამისად, შუა საუკუნეებში აშენებული ციხესიმაგრის კოშკების რეაბილიტაციისთვის გამოყოფილი 120 ათასი ლარი 2018 წლის ბიუჯეტში გადაინაცვლებს.
ხიხანის ციხე ზღვის დონიდან 2 635 მეტრზე სხალთის ხეობაში მდებარეობს და მისი ფართობი თითქმის 1 ჰექტარს შეადგენს. ტერიტორიაზე უძველესი ნასახლარები და 4 კოშკია შემორჩენილი.