“ქართული მარშის” აქციაზე დაკავებულები დარბაზიდან გაათავისუფლეს

01 ნოემბერი 2017, 00:00 2589 ნახვა

“ქართველთა მარშის” მიერ ორგანიზებული აქციის დროს ადმინისტრაციული წესით დაკავებული მოქალაქეების სასამართლო პროცესი გადაიდო. ფეხბურთის ფედერაციასთან გამართულ აქციაზე პოლიციამ გუშინ სულ 8 მოქალაქე დააკავა. მათ წვრილმან ხულიგნობას და პოლიციისადმი დაუმორჩილებლობას ედავებიან.

დაკავებულები სასამართლო დარბაზიდან გაათავისუფლეს. სხდომის გადადება, ადვოკატის ინფორმაციით, თავად ბრალდების მხარემ მოითხოვა. პროცესის დაწყებამდე „ქართული მარშის“ წევრები საპატრულო პოლიციის იმ თანამშრომლებს დაუპირისპირდნენ, რომლებიც დაკავების ოპერაციაში მონაწილეობდნენ. შეგახსენებთ, საქართველოს ნაკრების ფეხბურთელი და ნიდერლანდების ქალაქ არნემის "ვიტესის" კაპიტანი გურამ კაშია თანასწორობის კამპანიის ფარგლებში ერთ-ერთ მატჩზე ლგბტ დროშის სამკლაურით წარსდგა, რასაც მის წინააღმდეგ სოციალურ ქსელში, გარკვეული ადამიანების მხრიდან ჰომოფობიური კამპანიის წამოწყება მოჰყვა.

გუშინდელი აქციის მონაწილეები ფიქრობენ, რომ ამ ქმედებით კაშია პროპაგანდას უწევს ლგბტ თემს. მისი ნაკრებიდან გარიცხვის  მოთხოვნით გუშინ ფეხბურთის ფედერაციასთან აქცია გამართეს, რომელიც პოლიციასთან დაპირისპირებით დასრულდა. გურამ კაშიას მხარს უჭერენ ადამიანის უფლებადამცველი ორგანიზაციები, კოლეგები, საზოგადოების ნაწილი, მას მხარდაჭერა გამოუცხადა გიორგი მარგველაშვილმა, ასევე ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტმა ლევან კობიაშვილმა. 

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი