საავტომობილო გზაზე ამოყრილი ქვაფენილი განსაკუთრებულ პრობლემას მძღოლებს უქმნის. მათი თქმით, მანქანით გადაადგილებისას საბურავები ზიანდება. დისკომფორტი ექმნებათ ფეხით მოსიარულეებსაც. ქალაქის სხვადსხვა უბანში კი ბევრი ასეთი მონაკვეთია. არის შემთხვევბი, როცა მოსახლეობა ქვაფენილს დაზიანებულ ადგილას თავად ალაგებს, ზოგჯერ კი ფილებს იქვე, ხის ძირში ათავსებენ.
არის ქუჩები, სადაც ყველა ძლიერი წვიმის შემდეგ ქვაფენილი იყრება. წყლის ნაკადის გაწოვა ვერ ხერხდება, რაც საავტომობილო გზას აზიანებს.
დაზიანებული მონაკვეთების შეკეთება ბათუმის მერიის პრეროგატივაა. საგზაო ინფრასტრუქტურის მოწესრიგების პროგრამისთვის დაახლოებით 322 ათასი ლარია გამოყოფილი, სამუშაოებს კი ტენდერში გამარჯვებული კომპანია მთელი წლის განმავლობაში ახორციელებს. კომპანია ვალდებულია დაზიანებების შემთხვევაში ქვაფენილის საფარი, დეკორატიული ბოძკინტები, ბორდიულები და ტროტუარის ფილები შეაკეთოს. პრობლემური მონაკვეთების შესახებ კეთილმოწყობის სამსახურის წარმომადგენლები მათ ინფორმაციას აწვდიან.
რამდენიმე დღის წინ გორგასალის ქუჩაზე, მელიქიშვილიდან 26 მაისის კვეთამდე და ფარნავაზ მეფის ქუჩაზე, ჰაიდარ აბაშიძიდან 26 მაისი კვეთამდე მონაკვეთი ჩაიკეტა. სამუშაოები ამ დრომდე მიმდინარეობს. სპეციალისტები ძველ ქვაფენილს ახლით ანაცვლებენ. მერიის კეთილმოწყობის სამსახურში აცახდებენ, რომ ეს ქალაქში ერთ-ერთი ყველაზე პრობლემური მონაკვეთი იყო.
გიორგი ბერიძის თქმით, იქედან გამომდინარე რომ ორი ლოკაცია უკვე ჩაკეტილია, სხვა ქუჩებზე ქვაფენილის კაპიტალური გამოცვლა ვერ ხერხდება, რადგან მძღოლები სწორედ ამ ალტერნატიული გზებით სარგებლობენ.
ფოტოგალერეა
ფოტო: ირინე წუწუნავა