საკონსტიტუციო სასამართლომ, საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის სარჩელი დააკმაყოფილა, რომლის თანახმადაც არჩევნების შემდგომ სამსახურების უფროსებს უფლებამოსილება ავტომატურად არ შეუწყდებათ. ეს გადაწყვეტილება არ ეხება დედაქალაქის მერიის საქალაქო სამსახურის უფროსებს. მოქალაქე ოლეგ ლაცაბიძის სახელით წარდგენილი კონსტიტუციური სარჩელის შესაბამისად, საკონსტიტუციო სასამართლომ არაკონსტიტუციურად ცნო, ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსის ის ნორმები, რაც ახალი გამგებლის/მერის არჩევისას ავტომატურად უფლებამოსილებას უწყვეტდა გამგეობის/მერიის ყველა სამსახურის ხელმძღვანელს.
საკონსტიტუციო სასამართლომ მიიჩნია, რომ ეს ნორმა ეწინააღმდეგება საქართველოს კონსტიტუციის 29-ე მუხლის მე-2 პუნქტს. კანონი არ თვალისწინებდა იმის შესაძლებლობას, რომ ინდივიდუალურად ყოფილიყო შეფასებული სამსახურის უფროსების პროფესიული უნარები და ამ შეფასების შესაბამისად მიეღოთ საკადრო გადაწყვეტილებები. მხოლოდ იმის გამო, რომ ახალი მერი/გამგებელი იქნა არჩეული, მთელ საქართველოში კონკურსით შერჩეული გამგეობის/მერიის სამსახურის ყველა უფროსი კარგავდა თანამდებობას. სარჩელი შეტანილი იყო ხაშურის გამგეობის კულტურის და განათლების სამსახურის უფროსის ოლეგ ლაცაბიძის სახელით, რომელსაც 2014 წლის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების შემდეგ, უფლებამოსილება ავტომატურად შეუწყდა.