‘’უნიკალური ბოტანიკური ბაღის ნაცვლად გევქნება ბიძინა ივანიშვილის სასტუმროს ეზო’’ -გიორგი კირთაძე

29 სექტემბერი 2017, 00:00 4036 ნახვა

"უნიკალური ბოტანიკური ბაღის ნაცვლად გვექნება ბიძინა ივანიშვილის სასტუმროს ეზო’’ - განცხადება რამდენიმე წუთის წინ „ ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა გააკეთა. გიორგი კირთაძე ამბობს, რომ ბათუმის საკრებულოს წევრები რეგლამენტს არღვევენ და დაჩქარებული წესით ბიძინა ივანიშვილისთვის ბოტანიკურ ბაღში მიწის ნაკვეთის გადაცემას ცდილობენ.

ოპოზიციონერი დეპუტატი განმარტავს რომ საუბარია ბაღის მიმდებარე ტერიტორიაზე, თუმცა მათ შორის არის პლაჟიც. „სანაპირო სადაც ყველა ჩვენი თანაქალაქელი დადის, მალე ჩაიკეტება. ბიძინა ივანიშვილმა  ჯერ სასოფლო სამეურნეო უნივერსიტეტის ტერიტორია იყიდა, თქვეს რომ შენობა არ გაიყიდება, მოგვიანებით შენობაც გაიყიდა, ირგვლივ ყველაფერი იყიდა. ახლა კი რაც დარჩა იმასაც საკუთრებაში ვუკანონებთ“ - აცხადებს გიორგი კირთაძე. 

ბათუმის საკრებულოს სხდომაზე ხმაური აღნიშნული საკითხის განხილვას მოჰყვა. გიორგი კირთაძემ აჭარის მთავრობისთვის, მერიის საკუთრებაში არსებული მიწის ნაკვეთის უსასყიდლოდ საკუთრების უფლებით გადაცემა გააპროტესტა. ნაციონალური მოძრაობის წევრები საკითხის დღის წესრიგიდან ამოღებას ითხოვდნენ, თუმცა საკითხი 10 ხმით ჩამონათვალში დარჩა.  საკითხის დღის წერიგში დატოვების მომხრე იყო საკრებულოს ოპოზიციონერი დეპუტატი ჯაბა ბერიძე რომელიც  მწვანე კონცხის მაჟორიტარი დეპუტატია.

უმრავლესობის წევრი ირაკლი მიქელაძე ამბობს, რომ ტერიტორიის გადაცემის შემდეგ ძველი საბაგიროს რეაბილიტაცია და სანაპირო ზოლის მოწესრიგება იგეგმება.

„მაკვირვებს ნაციონალური მოძრაობის დამოკიდებულება, ფაქტი ცხადზე ცხადია, ამ ტერიტორიის გადაცემის შემდეგ  უსახური, არაფრისმომცემი, ძველი საბაგიროს რეაბილიტაცია იგეგმება. ჩვენ საკრებულოს წევრებს, რომლებსაც ქალაქის განვითარება გვაღელვებს, ცუდ გადაწყვეტილებას არ  მივიღებთ“ - ამბობს ირაკლი მიქელაძე. მისივე განმარტებით საბაგირო იქნება არა კონკრეტული ერთი ადამიანის, არამედ ყველა ბათუმელის და ქალაქის მკვიდრის. რაც შეეხება  „ბიზნეს დეველოპმენტს“, მიქელაძის თქმით ეს არის კომპანია, რომელსაც აქვს დიდი გამოცდილება და რეგიონში ბევრი ინფრასტრუქტურული პროექტი აქვს განხორციელებული.

ირინე წუწუნავა
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი