საქართველო 75 ქვეყნისგან შემდგარი ორგანიზაციის - „ღია მმართველობის პარტნიორობის“ თავმჯდომარე გახდა

20 სექტემბერი 2017, 00:00 2693 ნახვა

საქართველო 75 ქვეყნისგან შემდგარი ორგანიზაციის - „ღია მმართველობის პარტნიორობის“ თავმჯდომარე გახდა. ეს  ქვეყნის ისტორიაში პირველად ხდება. თავმჯდომარეობა გიორგი კვირიკაშვილმა საფრანგეთის პრეზიდენტ ემანუელ მაკრონისგან ერთი წლით გადაიბარა. ღონისძიება, ნიუ-იორკში, გაერო-ს გენერალური ასამბლეის 72-ე სესიის ფარგლებში გაიმართა. მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, რომ ორგანიზაციის  თავმჯდომარეობა,  გამჭვირვალობისა და ძლიერი დემოკრატიისთვის მებრძოლი, გლობალური მოძრაობის საქმიანობაში წვლილის შეტანა საქართველოს მთავრობისთვის საამაყოა. გიორგი კვირიკაშვილმა ყურადღება გაამახვილა შეხვედრის თემაზე - “ხელისუფლების მიმართ ნდობის აღდგენა" და აღნიშნა, რომ ეს საკითხი გონივრულ, გრძელვადიან სტრატეგიას მოითხოვს. პრემიერ-მინისტრმა  საქართველოს თავმჯდომარეობის პრიორიტეტებზე ისაუბრა.

„ჩემთვის უდიდესი პატივი და პრივილეგიაა, რომ ამ მნიშვნელოვანი ღონისძიების მასპინძლებს შორის ვარ და გამჭვირვალობისა და დემოკრატიის უდიდესი გავლენის მქონე გლობალური მოძრაობის ახლად არჩეული თავმჯდომარის სახით მოგმართავთ. ამ პროცესში ჩვენ ბევრ თქვენგანთან ვითანამშრომლეთ. ჩვენ გავიზიარეთ თქვენი საუკეთესო გამოცდილება და დაინტერესებულ პირებთან ერთად ჩვენი წარმატების ისტორიებიც განვიხილეთ. აღმაფრთოვანებს ის წარმატება, რომელსაც OGP-ის წევრი ქვეყნები მსოფლიოს გარშემო აღწევენ - აღმაფრთოვანებს მოსახლეობის მზაობა, გააკონტროლოს საკუთარი ხელისუფლება. მიუხედავად ამისა, ჩვენ კიდევ ბევრი გაკვეთილის სწავლა მოგვიხდება - არა მხოლოდ ერთმანეთის ან სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციებისგან, არამედ ჟურნალისტების, მეწარმეების და კარგი მმართველობის სფეროში არსებული სხვა ლიდერებისგან", - განაცხადა პრემიერმა.

ამავე კატეგორიაში