შეფერხებები სარფის საბაჟოს თურქულ მხარეს 

13 სექტემბერი 2017, 00:00 2464 ნახვა

სარფის საბაჟო გამშვებ პუნქტზე შექმნილ მდგომარეობასთან დაკავშირებით საქართველოს ფინანსთა სამინისტროში, ქართული მხარის ინიციატივით,  მინისტრის მოადგილე და შემოსავლების სამსახურის უფროსი საქართველოში თურქეთის რესპუბლიკის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩს შეხვდნენ. ლევენთ გიუმრუქჩუს განცახდებით, შეფერხება ზაფხულის სეზონზე ვიზიტორთა მომატებული რაოდენობასა და თურქულ მხარეს მიმდინარე სამშენებლო სამუშაოებს უკავშირდება.

სარფის საბაჟო გამშვები პუნქტი, როგორც მგზავრების მიმოსვლის, ასევე ტვირთბრუნვის თვალსაზრისით, ერთ-ერთი ყველაზე დატვირთული და მოთხოვნადი პუნქტია. შეხვედრაზე ითქვა, რომ ორივე ქვეყნისთვის ძალზედ მნიშვნელოვანია სტრატეგიული დანიშნულების ობიექტზე პრობლემებისა და შეფერხებების მინიმიზაცია. გადაწყდა, რომ უახლოესი დღეების განმავლობაში საზღვარზე თურქეთისა და საქართველოს საბაჟო სამსახურების ხელმძღვანელთა შეხვედრები გაიმართება.

გამშვები პუნქტი შეფერხების გარეშე მუშაობს საქართველოს მხარეს - აღნიშნულის შესახებ შემოსავლების სამსახურის მიერ გავრცელებულ განცხადებაშია ნათქვამი. განმარტებულია, რომ თურქეთის რესპუბლიკის ტერიტორიაზე, საბაჟო გამშვებ პუნქტში მიმდინარე სამშენებლო სამუშაოების გამო მგზავრებს, ავტომანქანებს, ავტობუსებსა და სატვირთო მანქანებს მხოლოდ თითო - შემოსასვლელი და გასასვლელი ემსახურება. ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახური მოსახლეობას მიმართავს, სარფის გავლით საზღვრის კვეთისას, გაითვალისწინონ შექმნილი ვითარება, ან ისარგებლონ საქართველო-თურქეთის დამაკავშირებელი  კარწახის, ან ვალეს საბაჟო გამშვები პუნქტებით, რათა გადაადგილებისას შეფერხებებითა და შეზღუდვებით გამოწვეული პრობლემები თავიდან აიცილონ.

განცხადებაში წერია, რომ ნებისმიერ მსურველს სარფის საბაჟო გამშვებ პუნტზე არსებული ვითარების შესახებ რეალურ დროში, პირდაპირი ეთერის რეჟიმით ინფორმაციის მიღება, ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის ვებ გვერდზე არსებული სპეციალური სერვისის „LIVE კამერა“ საშუალებით შეუძლია.

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი