“ერთიანი ნაციონალური მოძრაობა” ხულოს, ქობულეთის და ქედის საოლქო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარეებს საუბნო საარჩევნო კომისიების წევრების პოლიტიკური ნიშნით შერჩევაში ადანაშაულებს. პარტიაში ამტკიცებენ, რომ კომისიებში სიები წინასწარ ჰქონდათ შედგენილი და კომისიები “ქართული ოცნების” სასურველი კანდიდატებით დააკომპლექტეს.
ოლქების თავმჯდომარეები ბრალდებებს უარყოფენ. “ქართული ოცნების” შტაბში, ამ საკითხზე განცხადება ერთხელ უკვე გაავრცელეს და ბრალდებებს აბსურდული უწოდეს, დღეს კი კომენტარის გაკეთება მიზანშეწონილად არ მიიჩნიეს. ოლქებში სხდომებს “სამართლიანი არჩევნები” აკვირდებოდა. ორგანიზაციის კოორდინატორის თქმით, არ არსებობს ფაქტები, რომლებიც “ქართული ოცნების” მიერ ოლქებისთვის სიების გადაგზავნას დაადასტურებს, თუმცა მადონა ბერიძე ამბობს, რომ კითხვის ნიშნებს აჩენს ის გარემოება, რომ კონკურსანტების განაცხადები სხდომაზე საჯაროდ არ განუხილავთ.