2024 წელს 9.5-პროცენტიანი ეკონომიკური მაჩვენებელი დიდწილად კერძო სექტორის ეკონომიკური აქტივობის ზრდამ განაპირობა. 2024 წლის მეოთხე კვარტლის ბიზნეს სექტორის მაჩვენებლებით კიდევ ერთხელ დადასტურდა, რომ კერძო სექტორში საკმაოდ პოზიტიური ტენდენციები მთელი გასული წლის განმავლობაში ფიქსირდებოდა, – განაცხადა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე ვახტანგ ცინცაძემ.
„კერძოდ, რეკორდულია როგორც ბრუნვის, ასევე გამოშვებისა და დასაქმების მაჩვენებლები. 2024 წლის მეოთხე კვარტალში ბიზნესსექტორის ბრუნვა გაიზარდა ათი პროცენტით, გამოშვება კი დაახლოებით 11 პროცენტითთ და 23.5 მლრდ ლარი შეადგენა. გამოშვების ზრდაში მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანეს მშენებლობის, ინფორმაციისა და კომუნიციის, მრეწველობის, ტრანსპორტისა და დასაწყობების სექტორებმა“, – აღნიშნა ვახტანგ ცინცაძემ.
როგორც მინისტრის მოადგილემ აღნიშნა, 2024 წლის მეოთხე კვარტალში დასაქმებულთა რაოდენობა დაახლოებით 30 ათასით გაიზარდა, დასაქმებულთა საერთო რაოდენობამ კი 811 ათასს გადააჭარბა. რაც შეეხება საშუალო ხელფასს, ვახტანგ ცინცაძის თქმით, ის 170 ლარზე მეტად გაიზარდა და 2367 ლარი შეადგინა.
„აღნიშნული პოზიტიური ტენდენციები განპირობებულია იმ სწორი და თანმიმდევრული ეკონომიკური პოლიტიკით, რასაც საქართველოს მთავრობა ახორციელებს. ქვეყანაში არაერთი სახელმწიფო პროგრამა არსებობს, რომელიც მცირე და საშუალო მეწარმეობის კონკურენტუნარიანობის ზრდაზე არის მიმართული და ზოგადად ხელს უწყობს ქვეყანაში ადგილობრივ წარმოების განვითარებას, რომელიც ადგილობრივი ბაზრის დაკმაყოფილებასთან ერთად ორიენტირებულია საექსპორტო პოტენციალის ათვისებაზე“, - განაცხადა მინისტრის მოადგილემ.