უკრაინა გმობს და არ აღიარებს რუსეთის მიერ ოკუპირებულ აფხაზეთში ე.წ. საპრეზიდენტო არჩევნებს, - ამის შესახებ უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტროს მიერ გავრცელებულ განცხადებაშია ნათქვამი.
როგორც განცხადებაშია აღნიშნული, უკრაინა ყოველთვის დაუჭერს მხარს საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას და სუვერენიტეტს.
„უკრაინა გმობს და არ აღიარებს ე.წ. საპრეზიდენტო არჩევნებს რუსეთის მიერ ოკუპირებულ აფხაზეთის რეგიონში. ჩვენ ყოველთვის დავუჭერთ მხარს საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას და სუვერენიტეტს, მის საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში“, - ნათქვამია უწყების მიერ სოციალურ ქსელ X-ში გამოქვეყნებულ განცხადებაში.
ოკუპირებულ აფხაზეთში დღეს ე.წ.საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტური იმართება. ე.წ. პრეზიდენტის პოსტზე კენჭს იყრის ორი კანდიდატი, ყოფილი ე.წ. ვიცე-პრეზიდენტი, ე.წ. პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებელი, ბადრა გუნბა და ე.წ. ოპოზიციის კანდიდატი, ადგურ არძინბა.