ბადრა გუნბა აცხადებს, რომ ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. საპრეზიდენტო არჩევნებში გაიმარჯვა

02 მარტი 2025, 11:29 221 ნახვა

ბადრა გუნბამ ოკუპირებულ აფხაზეთში ე.წ. საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურში გამარჯვების შესახებ გამოაცხადა. მისი თქმით, წინასწარი შედეგებით, ხმების 50%-ზე მეტი აიღო.

„წინასწარი შედეგები ყველასთვის ცნობილია, ამ შემთხვევაში ჩვენ ვეყრდნობით ჩვენს საარჩევნო შტაბში არსებულ ხმის მიცემის წინასწარ შედეგებს. ეს შედეგი მიღწეული იქნა ჩვენი ქვეყნის მოქალაქეების, ჩვენი გუნდის ნდობის წყალობით და, რაც მთავარია, ეს იყო ჩვენი ხალხის ხმის მიცემის შედეგი. ეს უნდა იყოს აფხაზეთის ხალხის გამარჯვება ჩვენი ქვეყნის მომავლისთვის“, – განაცხადა გუნბამ მხარდამჭერების წინაშე სიტყვით გამოსვლისას.

ბადრა გუნბა ოკუპირებულ აფხაზეთში ე.წ. პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებელია. მისი მეტოქე, ე.წ. ოპოზიციის კანდიდატი ადგურ არძინბაა.

აფხაზეთის ე.წ. საარჩევნო კომისიის მონაცემებით, ე.წ. არჩევნებში აქტივობამ 70%-ს გადააჭარბა. ადგილობრივი მედიის ინფორმაციით, ოკუპირებულ აფხაზეთში 152 საარჩევნო უბანი მოქმედებდა. ორი საარჩევნო უბანი გახსნილი იყო რუსეთში, კერძოდ, მოსკოვსა და ჩერკესკში.

ე.წ. არჩევნებში რეგისტრირებული იყო 134 ათასზე მეტი ამომრჩეველი.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

დიდი შესვენება

პოპულარული

ამინდი