საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ქვეყნის რეგიონებში დიდთოვლობის გამო შექმნილ ვითარებასა და შესაბამის სამუშაოებზე ისაუბრა.
როგორც ირაკლი კობახიძემ განაცხადა, პრობლემების მოგვარება, რომელიც მოსახლეობას დიდთოვლობამ შეუქმნა, აქტიურად მიმდინარეობს.
"აქტიურ რეჟიმში გრძელდება სამუშაოები. ვითარება კვლავაც საკმაოდ რთულია. ერთ-ერთი კრიტიკული მონაკვეთი იყო სოფელ შრომამდე მოსასვლელი გზა. მთლიანად იყო ეს სოფელი და რამდენიმე მიმდებარე სოფელი ოზურგეთს, ქალაქს მოწყვეტილი. ღამის განმავლობაში, დილამდე მაშველებმა აქტიურად იმუშავეს და მთლიანად გაიწმინდა გზის ეს მონაკვეთი, შესაბამისად, კომუნიკაცია არის აღდგენილი. გზის არარსებობის გამო, აქ ელექტროენერგიის მიწოდებაც არის ჯერ კიდევ შეწყვეტილი და გზის გაწმენდა იძლევა იმის საშუალებას, რომ უახლოეს საათებში ელექტროენერგიის მიწოდებაც აღდგეს. "ენერგო პროსთან" მქონდა ამაზე საუბარი. გრძელდება აქტიურად მუშაობა, იმისთვის, რომ სადაც საჭიროა, აღდგეს ელექტროენერგიის მიწოდება და ეს სამუშაოები გაგრძელდება. ასევე, მაქსიმალურად სადაც ამის საჭიროება, მოსახლეობა იქნება სურსათითა და მედიკამენტებით უზრუნველყოფილი. ძალიან აქტიურად მუშაობენ სასწრაფო დახმარების ბრიგადები. აქამდე არ გვაქვს არცერთი კრიტიკული შემთხვევა, როცა იყო გადაუდებელი აუცილებლობა და სასწრაფო დახმარების ბრიგადამ ვერ შეძლო ადგილზე მისვლა. სასწრაფო დახმარების ბრიგადები ახერხებენ ადგილზე მისვლას და დახმარების გაწევას", - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.
როგორც პრემიერმა აღნიშნა, ამ ეტაპზე ევაკუაცია ნაკლებად აქტუალურია, თუმცა ყველა სოფელში შევლენ, რათა მოსახლეობას დაეხმარონ.
„რეალურად ამ სოფლების შემთხვევაშიც ზუსტად იგივე სამუშაოები არის ჩასატარებელი, რაც სოფელ შრომის შემთხვევაში, საჭიროა გზის გაწმენდა და ამაზე მუშაობა წარიმართება. არის შემთხვევები, როდესაც შეიძლება ერთ დღეშიც ვერ მოხერხდეს გზის გაწმენდა და ამ შემთხვევაში ალტერნატიული საშუალებით შევლენ როგორც მაშველები, ასევე თავდაცვის ძალების წარმომადგენლები სოფლებში იმისთვის, რომ მოსახლეობა შესაბამისი დახმარებით უზრუნველყონ. ევაკუაცია ნაკლებად აქტუალურია, როგორც ჩარევის ზომა, თუმცა, რაც შეეხება სოფლებში შესვლას, უკლებლივ ყველა სოფელში უნდა შევიდეთ იმისთვის, რომ მოსახლეობას ადგილზე გავუწიოთ დახმარება. ეს არის მთავარი გეგმა, რომელიც დასახული გვაქვს“, - განაცხადა კობახიძემ.
პრემიერის თქმით, ჯერ კიდევ არის დასახლებები, რომლებიც მთლიანად არის მოწყვეტილი გარე სამყაროს.
"ჯერ კიდევ არის დასახლებები, რომლებიც მთლიანად არის მოწყვეტილი გარე სამყაროს, შესაბამისად, იქ მაქსიმალური ყურადღება იქნება გამოყენებული, იმისთვის, რომ კომუნიკაცია აღდგეს. სხვადასხვა საშუალება იქნება ჩართული ამ პრობლემების მოგვარებაში. თავიდან ბოლომდე მობილიზებულია უკლებლივ ყველა უწყება, გუშინდელი დღიდან უკვე ჯარის ჩათვლით. სირთულეები და პრობლემები რჩება მაგრამ სრული მობილიზაციის განაგრძობენ უწყებები მუშაობას," - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.
როგორც პრემიერმა აღნიშნა, თოვლით დაფარულ გზის მონაკვეთებზე აქტიურად წარიმართება გაწმენდითი სამუშაოები.
„ადგილობრივები როგორც ამბობენ, 1972 წელს იყო ბოლოს ამ მასშტაბის დიდთოვლობა რეგიონში. შესაბამისად, თავადაც შეგიძლიათ განსაჯოთ, თუ რამდენად დიდია სტიქიის მასშტაბი. არის თოვლით დაფარული გზის მონაკვეთები და აქტიურად წარიმართება გაწმენდითი სამუშაოები. თავიდან ბოლომდე არის მობილიზებული უკლებლივ ყველა უწყება, გუშინდელი დღიდან უკვე ჯარის ჩათვლით, იმისათვის, რომ ეს სამუშაოები სათანადო ვადებში შესრულდეს. სირთულეები, პრობლემები რჩება, მაგრამ სრული მობილიზაციით განაგრძობენ უწყებები მუშაობას“, - განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.
პრემიერის განცხადებით, სტიქიის დროს ყველა ერთ მუშტად უნდა იყოს შეკრული, თუმცა აქაც, სამწუხაროდ, კონკრეტული ძალები ცდილობენ სპეკულაციების აგებას.