ევროკავშირის ელჩებმა შეთანხმებას მიაღწიეს რუსეთის წინააღმდეგ სანქციების მორიგ პაკეტზე, რომელიც უკრაინაში რუსეთის სრულმასშტაბიანი შეჭრის მესამე წლისთავისთვის იყო შემუშავებული.
სანქციები მოიცავს პირველადი ალუმინის იმპორტის აკრძალვას. დიპლომატების ცნობით, ამასთან ერთად, ევროკავშირი შავ სიაში შეიყვანს 73 გემს, რომლებიც, სავარაუდოდ, რუსეთის „ჩრდილოვანი ფლოტის“ შემადგენლობაში არიან. სანქციების თანახმად, მათ ეკრძალებათ ევროკავშირის პორტებში შესვლა და ევროკავშირის სერვისებით სარგებლობა. ასევე, შესაძლებელი გახდება „ჩრდილოვანი ფლოტის“ გემების მფლობელებისა და ოპერატორების, მათ შორის კაპიტნების შავ სიაში შეყვანაც.
გარდა ამისა, ახალი სანქციები SWIFT-ის ელექტრონული სისტემიდან გათიშავს 13 რუსულ ბანკს და აჩერებს რვა რუსული მედიასაშუალების სამაუწყებლო ლიცენზიებს.