საქართველოს ეროვნულმა ბანკმა, ევროპის ზამთრის ახალგაზრდული ოლიმპიური ფესტივალის ფარგლებში, „ბაკურიანი 2025“ თემაზე ვერცხლის საკოლექციო მონეტის პრეზენტაცია გამართა.
ინფორმაციას საქართველოს ეროვნული ბანკი ავრცელებს.
მათივე ცნობით, ღონისძიებაში ასევე მონაწილეობდნენ ევროპის ზამთრის ოლიმპიური ფესტივალის „ბაკურიანი 2025“ - ის საორგანიზაციო კომიტეტის თავმჯდომარე, მამუკა ხაბარელი, საქართველოს ეროვნული ოლიმპიური კომიტეტის პრეზიდენტი ლერი ხაბელოვი და ევროპის ოლიმპიური კომიტეტის პრეზიდენტი სპიროს კაპრალოსი.
ეროვნული ბანკის პრეზიდენტმა, ნათია თურნავამ საკოლექციო დანიშნულების ვერცხლის მონეტები ევროპის ოლიმპიური კომიტეტის პრეზიდენტს სპიროს კაპრალოსს, საქართველოს ეროვნული ოლიმპიური კომიტეტის პრეზიდენტს, ლერი ხაბელოვს, 2010 წელს ოლიმპიურ თამაშებზე ტრაგიკულად გარდაცვლილი სპორტსმენის ნოდარ ქუმარიტაშვილის მამას და ტრამპლინიდან ხტომაში ვეტერანი სპორტსმენის, კობა წაქაძის შვილს გადასცა.
ნათია თურნავას თქმით, ეროვნულ ბანკს, სხვა ბევრი წამყვანი ცენტრალური ბანკის მსგავსად, საკოლექციო მიზნებისთვის მონეტების გამოშვების ექსკლუზიური უფლება აქვს და ტრადიციულად, მონეტები საქართველოსთვის მნიშვნელოვან თემატიკას ეძღვნება.
„ევროპის ზამთრის ახალგაზრდული ოლიმპიური ფესტივალი, ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი სპორტული ღონისძიებაა და მოხარული ვარ, რომ 2025 წელს ფესტივალს ბაკურიანი მასპინძლობს. ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი ზეიმი ჩვენი ზამთრის სპორტის ისტორიაში. ღონისძიების მნიშვნელობიდან გამომდინარე, ერთსულოვნად მივიღეთ გადაწყვეტილება, რომ ახალი საკოლექციო მონეტის თემა „ბაკურიანი 2025“ ყოფილიყო. ეროვნულ ბანკს საკოლექციო მონეტის გამოშვებით თავისი წვლილი შეაქვს საქართველოს, როგორც მნიშვნელოვანი სპორტული მოვლენის მასპინძელი ქვეყნის იმიჯის განმტკიცებაში.
ბედნიერი ვარ, რომ მოგვეცა შესაძლებლობა ეროვნული ბანკის სახელით წვლილი შეგვეტანა ისტორიულ მოვლენაში, რომელიც კიდევ ერთხელ უსვამს ხაზს საქართველოს, როგორც მსოფლიო დონის სპორტული ღონისძიებების მასპინძელი ქვეყნის სტატუსს და განსაკუთრებულ როლს თამაშობს ჩვენი ქვეყნის წინსვლასა და განვითარება. ვფიქრობ, საქართველოში ზამთრის კურორტები და პირველ რიგში ბაკურიანი ყალიბდება როგორც ძალიან მნიშნელოვანი პლატფორმა საერთაშორისო სპორტული ღონისძიებების მასპინძლობისთვის“, - განაცხადა ნათია თურნავამ.
5 ლარის ნომინალის საკოლექციო დანიშნულების მონეტების გამოშვების გადაწყვეტილება სებ-ის საბჭომ, ევროპის ზამთრის ახალგაზრდული ოლიმპიური ფესტივალი „ბაკურიანი 2025“-ის საორგანიზაციო კომიტეტთან თანამშრომლობით მიიღო.
საკოლექციო მონეტის დიზაინის ესკიზი „ბაკურიანი 2025“ საორგანიზაციო კომიტეტთან თანამშრომლობით მომზადდა. მონეტები პოლონეთის ზარაფხანაში 5,000-იანი ტირაჟით მოიჭრა.
მონეტის ავერსზე, დათოვლილი მთის ფონზე გამოსახულია მოთხილამურე და ნომინალის დასახელება „5 ლარი“ (ფერადი დეტალები). კიდეზე რკალისებურად დატანილია მოვლენის აღმნიშვნელი წარწერები „ევროპის ზამთრის ახალგაზრდული ოლიმპიური ფესტივალი“ და „ბაკურიანი 2025“, რომელიც ერთმანეთისგან ფიფქებითაა გამოყოფილი.
მონეტის რევერსზე გამოსახულია ფესტივალის ლოგო (ფერადი დეტალი) დათოვლილი მთის ფონზე და წარწერა „საქართველო“, “Georgia”.
მონეტების რეალიზაციის დაწყების ზუსტი თარიღი და პირობები ეროვნული ბანკის ოფიციალურ ვებგვერდსა და ფულის მუზეუმის პლატფორმაზე გამოქვეყნდება.
„აღსანიშნავია, რომ საქართველოს ეროვნულ ბანკს სპორტულ თემატიკაზე აქამდე სხვა მონეტებიც აქვს გამოშვებული. მათ შორის, რაგბიში, კალათბურთში, ფეხბურთსა და ოლიმპიურ თამაშებზე საქართველოს სპორტსმენების წარმატებული ასპარეზობის აღსანიშნად“, - აღნიშნულია ინფორმაციაში.