პროკურატურამ განზრახ მკვლელობის ფაქტზე ორ პირს ბრალდება წარუდგინა

03 თებერვალი 2025, 12:41 90 ნახვა

პროკურატურამ თბილისში მომხდარი განზრახ მკვლელობის ფაქტზე ერთ პირს, ხოლო მეორე პირს – დანაშაულის შეუტყობინებლობის ფაქტზე ბრალდება წარუდგინა. ინფორმაციას საქართველოს პროკურატურა ავრცელებს.

საგამოძიებო უწყების ცნობით, შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ 31 იანვარს, დაახლოებით 19:00 საათზე, თბილისში, საქნავთის დასახლების №2-ის მიმდებარე ტერიტორიაზე, ურთიერთშელაპარაკებისას ბრალდებულმა, მის სახელზე შენახვისა და ტარების უფლებით რეგისტრირებული ცეცხლსასროლი იარაღიდან რამოდენიმეჯერ ესროლა დაზარალებულს, რომელიც მიღებული დაზიანებებით შემთხვევის ადგილზე გარდაიცვალა. მეორე ბრალდებულმა, რომელიც დანაშაულის ჩადენისას შემთხვევის ადგილზე იმყოფებოდა და იცოდა, რომ ჩადენილი იყო განსაკუთრებით მძიმე დანაშაული, განზრახ მკვლელობა, აღნიშნულის შესახებ სამართალდამცავ ორგანოებს არ შეატყობინა.

„სამართალდამცველებმა ბრალდებულები პირველ თებერვალს დააკავეს. ერთ პირს ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე მუხლით (განზრახ მკვლელობა) წარედგინა, რაც სასჯელის სახედ და ზომად 10-დან 15 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს, ხოლო მეორე ბრალდებულს – სსკ-ის 376-ე მუხლის მეორე ნაწილით (დანაშაულის შეუტყობინებლობა) წარედგინა, რაც სასჯელის სახედ და ზომად სამიდან შვიდ წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

პროკურატურამ, ბრალდებულების მიმართ აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის გამოყენების შუამდგომლობით, სასამართლოს უკვე მიმართა.

შინაგან საქმეთა სამინისტროში სისხლის სამართლის საქმეზე გამოძიება გრძელდება დანაშაულთან შემხებლობაში მყოფი სხვა პირების დადგენის და დაკავების მიზნით“,- აღნიშნულია პროკურატურის ინფორმაციაში.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში