გავრცელდა დეზინფორმაცია, თითქოს ბათუმის დრამატულ თეატრში დაიწყო რეპრესიები და დევნა, რაც არის მტკნარი სიცრუე - თეატრის დირექცია

11 მარტი 2025, 15:52 312 ნახვა

სოციალურ ქსელში გავრცელდა დეზინფორმაცია, თითქოს ბათუმის ილია ჭავჭავაძის სახელობის პროფესიულ სახელმწიფო დრამატულ თეატრში დაიწყო რეპრესიები და დევნა, (იგულისხმება პოლიტიკური ნიშნით), რაც არის მტკნარი სიცრუე და მიზნად ისახავს თეატრის ხელმძღვანელობის რეპუტაციის შელახვას და საზოგადოების შეცდომაში შეყვანას. აღნიშნულია განცხადებაში, რომელსაც ბათუმის დრამატული თეატრის დირექცია ავრცელებს.

"ჩვენ ყოველთვის ვერიდებით შიდა პრობლემების საჯაროდ გამოტანას, მაგრამ ამჯერად ვალდებული ვართ საზოგადოებას ვაცნობოთ:

მსახიობის უპირველესი მოვალოებაა სპექტაკლების თამაში, რასაც წინ უძღვის დაძაბული და ხანგრძლივი რეპეტიციები. ხშირად ყოფილა შემთხვევები, როცა მსახიობი მძიმე ავადმყოფობის ან სულიერი მდგომარეობის მიუხედავად მოდის თეატრში და თამაშობს სპექტაკლს, რათა არ გააწბილოს მაყურებელი. ეს ერთგვარი თავგანწირვა ამ პროფესიის თანმდევი ნაწილია, ამიტომაც იწვევს განსაკუთრებულ პატივისცემას. ასეთი მაგალითი ბევრია, როგორც ჩვენს თეატრში, ასევე სხვა თეატრებშიც. მაგრამ, როდესაც მსახიობი ორი კვირით ადრე შემოთვლის, რომ სიცხე აქვს და ორი კვირის შემდეგაც ავად იქნება, ამიტომ ვერ ჩამოდის სპექტაკლის სათამაშოდ, თან ამ დროის განმავლობაში მას შენიშნავენ სხვა ორგანიზაციის პიარ ღონისძიებაზე, ხოლო ის შემდგომ არ გამოცხადდება სპექტაკლში მონაწილეობის მისაღებად, თან ბოლო ორი თვის განმავლობაში ეს არ არის პირველი შემთხვევა და ამასთანავე მას არ წარმოუდგენია არავითარი სამედიცინო საბუთი, თეატრის ხელმძღვანელობა ვალდებულია გამოიყენოს მის მიმართ შინაგანაწესით და ხელშეკრულებით გათვალისწინებული მუხლი, რაც გულისხმობს ხელშეკრულების გაწყვეტას უვადო ან გარკვეული ვადით. ასე მოხდა ამ შემთხვევაშიც და არანაირი პოლიტიკური ნიშნით დევნას აქ ადგილი არ აქვს.

ჩვენი თეატრის ნებისმიერ თანამშრომელს უფლება აქვს გამოხატოს თავისი აზრი თუ ქმედება ნებისმიერ პოლიტიკურ პროცესზე თეატრის გარეთ და ამის გამო მას არავითარი პასუხისმგებლობა არ ეკისრება. ჩვენი თეატრის სპექტაკლების განრიგი ორი თვით ადრე ქვეყნდება. ყველა მსახიობმა იცის როდის აქვს სპექტაკლი, ისიც იცის, რომ მისი მოხსნა არის თეატრისთვის მძიმე მორალური და ფინანსური ზიანის მომტანი. ამიტომ შემდეგაც თუ მსგავს მიზანმიმართულ თუ დაუდევრობის შედეგად დისციპლინურ გადაცდენებს ექნება ადგილი, თეატრის ხელმძღვანელობა იძულებული გახდება მიიღოს კანონით გათვალისწინებული შესაბამისი ზომები, თუ მსახიობი არ წარმოადგენს შესაბამის სამედიცინო ცნობას, რომ მის ჯანმრთელობას სპექტაკლის თამაშით საფრთხე ექმნება და გამოიწვევს შემდგომ გართულებებს"- აღნიშნულია ბათუმის დრამატული თეატრის დირექციის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში