თემურ ქათამაძე „უცხოელთა და მოქალაქეობის არმქონე პირთა სამართლებრივი მდგომარეობის შესახებ“ საქართველოს კანონის 64-ე მუხლით დააკავეს

17 იანვარი 2025, 00:52 196 ნახვა

სამტერდიის იზოლატორიდან ჯერ გათავისუფლებულ და შემდეგ ისევ დაკავებულ, თურქეთის რესპუბლიკის მოქალაქე, ეროვნებით ქართველ თემურ ქათამაძესთან დაკავშირებით შინაგან საქმეთა სამინისტროში განმარტება გაკეთდა.

"სამტრედიაში დაკავებულ პირთან -უცხო ქვეყნის მოქალაქესთან დაკავშირებით განხორციელებული გადამოწმების შედეგად დადგინდა, რომ ის  საქართველოში არალეგალურად, სამართლებრივი საფუძვლის გარეშე იმყოფებოდა. ფაქტზე დაიწყო შესაბამისი სამართალწარმოება, რის შემდგომაც  გატარდა კანონმდებლობით განსაზღვრული ზომები და  „უცხოელთა და მოქალაქეობის არმქონე პირთა სამართლებრივი მდგომარეობის შესახებ“ საქართველოს კანონის  64-ე მუხლის შესაბამისად დაკავდა," - აცხადებენ შსს-ში.

დაატოვებინებენ თუ არა თემურ ქათამაძეს საქართველოს ტერიტორიას, ამაზე სასამართლომ უნდა იმსჯელოს.

შეგახსენებთ, რომ საპროტესტო აქციების აქტიური მონაწილე, თურქეთის რესპუბლიკის მოქალაქე, მუჰაჯირების შთამომავალი თემურ ქათამაძე სამტრედიის იზოლატორიდან გუშინ, გვიან ღამით გაათავისუფლეს. რამდენიმე წუთში კი პოლიციამ ისევ დააკავა.  

დაკავებისას თემურ ქათამაძემ თავის მხარდამჭერებს უთხრა, რომ სავარაუდოდ მას საქართველოში ყოფნის კანონით გათვალისწინებული ვადები ამოეწურა. დაკავებას უკანონოდ მიიჩნევს, რადგან მისი თქმით, საქართველოს მოქალაქეობის მიღებასთან დაკავშირებით სასამართლო  პროცესი აქვს.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში