მაკა ბოჭორიშვილი გაერთიანებული სამეფოს სახელმწიფო მინისტრს, სტივენ დაუთის ესაუბრა

16 დეკემბერი 2024, 16:31 222 ნახვა

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა, მაკა ბოჭორიშვილმა ევროპის, ჩრდილოეთ ამერიკის და საზღვარგარეთის ტერიტორიების საკითხებში გაერთიანებული სამეფოს FCDO-ს სახელმწიფო მინისტრთან, სტივენ დაუთისთან სატელეფონო საუბარი გამართა. აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო ავრცელებს.

უწყების ცნობით, მინისტრებმა მიმოიხილეს ბოლო დროს საქართველოში განვითარებული მოვლენები და ორ ქვეყანას შორის ურთიერთობების დინამიკა.

„გაერთიანებული სამეფოს სახელმწიფო მინისტრმა კიდევ ერთხელ დააფიქსირა გაერთიანებული სამეფოს პოზიცია და წუხილი საქართველოში მიმდინარე პროცესებთან დაკავშირებით. თავის მხრივ, საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა სახელმწიფო მინისტრს მიაწოდა ინფორმაცია საუბრისას წამოჭრილ საკითხებზე და გულისტკივილი გამოხატა გაერთიანებული სამეფოს მხრიდან საქართველოსთან მიმართებაში მიღებულ გადაწყვეტილებებთან დაკავშირებით, რაც მათ შორის ითვალისწინებს სტრატეგიული დიალოგის ფორმატის მორიგი რაუნდის გადადებას და ქვეყნისთვის პროგრამული მხარდაჭერის შეჩერებას. მინისტრმა ხაზი გაუსვა უორდროპის სტრატეგიული დიალოგის ფორმატში თანამშრომლობის მნიშვნელობას და იმედი გამოთქვა, რომ რეგულარული შეხვედრები ახლო მომავალში განახლდება. მაკა ბოჭორიშვილმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ განსაკუთრებით მნიშვნელოვანია საქართველოში მიმდინარე პროცესების ობიექტური და მიუკერძოებელი შეფასება. მან ასევე ისაუბრა საქართველოში ჩატარებულ საპარლამენტო არჩევნებზე, მის შედეგებზე და პოლიტიკურ სპეკულაციებზეც, რომელიც დღესაც გრძელდება ოპოზიციის მხრიდან. საუბარი ასევე შეეხო ქვეყანაში მიმდინარე საპროტესტო გამოსვლებს, რა დროსაც კიდევ ერთხელ აღინიშნა აქციების მშვიდობიანად და კანონის დაცვით წარმართვის აუცილებლობა, ქართულმა მხარემ ბრიტანულ მხარეს მიაწოდა ინფორმაცია აქციების ფარგლებში დაფიქსირებულ კანონდარღვევებზე სახელმწიფოს რეაგირების შესახებ. საქართველოს საგარეო უწყების ხელმძღვანელმა კიდევ ერთხელ დაადასტურა საქართველოს ერთგულება ევროპული და ევროატლანტიკური მისწრაფებების მიმართ. ასევე ხაზი გაუსვა, საქართველოს, როგორც მჭიდრო და საიმედო პარტნიორის როლს რეგიონში, რაც არაერთხელ დადასტურდა ბოლო წლების განმავლობაში. ბოლო დროს განვითარებული პროცესების გათვალისწინებით, ყურადღება გამახვილდა დასავლელი პარტნიორების მხრიდან მნიშვნელოვან საკითხებთან დაკავშირებით საქართველოს მთავრობასთან დიალოგის აუცილებლობაზე“, – ნათქვამია საგარეო უწყების მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში