იუსტიციის მინისტრმა, ანრი ოხანაშვილმა სამი მოადგილე დანიშნა. იუსტიციის მინისტრის მოადგილის თანამდებობები ბექა ძამაშვილმა, ნიკო თათულაშვილმა და ერეკლე ღვინიანიძემ დაიკავეს.
ინფორმაციას იუსტიციის სამინისტრო ავრცელებს.
„ბექა ძამაშვილი სამართლის დოქტორია. მას აქვს იუსტიციის სამინისტროში მუშაობისა და აკადემიური საქმიანობის მრავალწლიანი გამოცდილება. 2021 წლიდან იკავებდა მინისტრის მოადგილის თანამდებობას. ნიკო თათულაშვილი სამართლის დოქტორია. მას აქვს საჯარო სამსახურში მუშაობის მრავალწლიანი გამოცდილება. 2021 წლიდან იყო პრემიერ-მინისტრის მრჩეველი ადამიანის უფლებათა დაცვის საკითხებში. ერეკლე ღვინიანიძე პროფესიით იურისტია. ის სხვადასხვა წლებში იუსტიციის სამინისტროს სისტემაში იკავებდა არაერთ მნიშვნელოვან პოზიციას. 2022 წლიდან იყო იუსტიციის მინისტრის მოადგილე. თამარ ტყეშელაშვილი და ბუბა ლომუაშვილი საქმიანობას სახელმწიფო სამსახურში განაგრძობენ, რის შესახებაც საზოგადოებისთვის უახლოეს პერიოდში გახდება ცნობილი“, - ნათქვამია გავრცელებულ ინფორმაციაში.