2024 წლის მესამე კვარტალში საქართველოს საჰაერო ტრანსპორტით გადაყვანილია 204.4 ათასი მგზავრი, ხოლო მგზავრთბრუნვის მოცულობამ 597.9 მლნ. მგზავრ-კილომეტრი შეადგინა. აღნიშნულ პერიოდში გადაყვანილი მგზავრების რაოდენობა 45.0 პროცენტით, მგზავრთბრუნვის მოცულობა კი 69.1 პროცენტით აღემატება გასული წლის შესაბამისი პერიოდის მაჩვენებელს.
ამასთან, 2024 წლის მესამე კვარტალში საქართველოს აეროპორტები 2 462.5 ათას მგზავრს მოემსახურა, რაც 20.6 პროცენტით აღემატება წინა წლის შესაბამისი პერიოდის მაჩვენებელს — აეროპორტებმა მიიღო 1 215.1 ათასი მგზავრი, რაც 21.2 პროცენტით მეტია წინა წლის ანალოგიურ მაჩვენებელზე, ხოლო აეროპორტებიდან გაემგზავრა 1 247.4 ათასი მგზავრი – რაც 20.1 პროცენტით აღემატება გასული წლის იგივე პერიოდს.
საქსტატის ცნობით, 2024 წლის მესამე კვარტალში საქართველოს აეროპორტებში მგზავრთა ნაკადის 93.7 პროცენტი რეგულარულ ფრენებზე მოდიოდა. საანგარიშო პერიოდში, საქართველოს აეროპორტებიდან განხორციელებული სამგზავრო რეისების რაოდენობამ 9.4 ათასი შეადგინა, რაც 15.8 პროცენტით აღემატება წინა წლის შესაბამის მაჩვენებელს.
ამასთან, სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მონაცემებით, 2024 წლის მესამე კვარტალში საქართველოს ნავსადგურებსა და ტერმინალებში შემოვიდა 4 121 გემი, რომელთა 34.2 პროცენტი იყო გენერალური (ზოგადი სახის) ტვირთის გადამზიდი, 31.3 პროცენტი — თხევადი ტვირთმზიდი, 24.0 პროცენტი — კონტეინერმზიდი, ხოლო დანარჩენი 10.5 პროცენტი ნაყარ ტვირთმზიდზე, ბუქსირებსა და სპეციალიზებულ გემებზე განაწილდა.
მათივე ინფორმაციით, 2024 წლის კვარტალში, წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, საქართველოს ნავსადგურებმა და ტერმინალებმა 42.9 პროცენტით მეტი სპეციალიზებული გემი მიიღო, 8.4 პროცენტით მეტი – თხევადი ტვირთმზიდი, 2.2 პროცენტით მეტი — გენერალური (ზოგადი სახის) ტვირთმზიდი, კონტეინერმზიდი კი — 18.2 პროცენტით ნაკლები.