შალვა პაპუაშვილის განცხადებით, საბოლოო ჯამში, ოპოზიციის წარმომადგენლები პარლამენტში შევლენ

07 ნოემბერი 2024, 15:09 219 ნახვა

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის შალვა პაპუაშვილის განცხადებით, პარლამენტის მუშაობისთვის მნიშვნელობა არ აქვს, შევა თუ არა ოპოზიცია საკანონმდებლო ორგანოში, რადგან ისტერიის გარდა, მათ მეათე მოწვევის პარლამენტში არაფერი უკეთებიათ.

 შალვა პაპუაშვილი ფიქრობს, რომ  საბოლოო ჯამში, ოპოზიციის წარმომადგენლები პარლამენტში შევლენ.

„არანაირი მნიშვნელობა არ აქვს, ოპოზიცია იქნება თუ არა პარლამენტში. ეს გვასწავლა ჩვენ მათ შორის მეათე მოწვევის პარლამენტმა, რომელშიც ისინი გვიან შემოვიდნენ, მაგრამ მათ შემოსვლა-არშემოსვლას პარლამენტისთვის არანაირი მნიშვნელობა არ ჰქონია. გარდა შფოთისა და ისტერიისა, პარლამენტში არაფერი მოუწყვიათ. ამიტომ ჩვენი ქვეყნისთვის, პარლამენტისა და პარლამენტის ფუნქციონირებისთვის ამას არანაირი მნიშვნელობა არ აქვს. მეორე მხრივ, ჩვენ დარწმუნებული ვართ, ადრე თუ გვიან შემოვლენ. ამ მოწვევის პარლამენტმაც ეს გვასწავლა, შემოვიდნენ კიარა, 2021 წლის დეკემბერში გვეხვეწებოდნენ, ის დაკარგული ხელფასები, რაც ჰქონდათ მათ არშემოსვლის გამო, აღგვედგინა. დეკემბრის ბოლო რიცხვებში სპეციალურად შეიკრიბა ჯერ ხაზინადართა საბჭო, შემდეგ ბიურო, რომ მათ მსუყე მსუყე თანხები რაღაცნაირად მიეღოთ და ჩარიცხვოდათ თავიანთ ანგარიშებზე. ასე რომ, ეს ხალხი, რა თქმა უნდა, შემოვა, რადგან მათ არანაირი ღირებულებები არ აქვთ, მეორე – მათ რასაც ეტყვიან, ისე მოიქცევიან. დარწმუნებული ვარ, საბოლოო ჯამში, ეტყვიან, იქნებ შემოვიდნენ პარლამენტში, რომ შიგნით ჰყავდეთ ბუნტისთავები და ისტერიის მომწყობი“, - განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის თქმით, ოპოზიციას მტკიცებულებები თუ არ აქვს, „მაშინ საზოგადოება შეაფასებს მათ, როგორც ჭორიკანა პოლიტიკოსებს“.

„ოპოზიცია შეჩვეულია, რომ გამოუშვებს რაღაც ზეპირ ბრალდებებს, ცდილობენ, ძირი გამოუთხარონ არჩევნებს, ქვეყანას მიაყენებენ რეპუტაციულ ზიანს და შემდეგ ფეხი ფეხზე გადაიდებენ, ხარობენ, ხალისობენ იმით, როგორ ვისმენთ სხვადასხვა განცხადებას ერთი თუ მეორე ქვეყნიდან. კეთილი ინებონ და რაიმე საფუძველი თუ აქვთ ბრალდების, რომელსაც უყენებენ საკუთარ ქვეყანას, მტკიცებულებები წარადგინონ შესაბამის ორგანოებში. ხომ უნდოდათ გამოძიება? აი, ბატონო, მიიღეს გამოძიება და წარადგინონ რაიმე მტკიცებულება. თუ არ აქვთ, მაშინ საზოგადოება კიდევ ერთხელ შეაფასებს მათ, როგორც ჭორიკანა პოლიტიკოსებს. მათი უფლებაა, აირჩიონ, რა ფორმით იქნებიან გამოკითხული, მაგრამ გამოკითხვის დროს ან წარადგინონ მტკიცებულებები, ან თქვან, რომ ჩვეულებრივი ჭორიკანები არიან“, - განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში