საქართველოში პირველი სრული ციკლის ნავთობგადამამუშავებელი ქარხანა, რომელსაც „ბლექ სი პეტროლიუმი“ აშენებს, უმნიშვნელოვანესი შენაძენი იქნება ჩვენი ქვეყნის ეკონომიკისთვის, - განაცხადა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ყულევის ნავთობგადამამუშავებელი ქარხნის პროექტის პრეზენტაციაზე.
პრემიერის თქმით, ეს არის ყველაზე მსხვილი კერძო საინვესტიციო პროექტი დამოუკიდებელი საქართველოს ისტორიაში.
„მოხარული ვარ, რომ დღეს, თქვენთან ერთად ვმონაწილეობ ამ მასშტაბური პროექტის წარდგენაში. საქართველოში პირველი სრული ციკლის ნავთობგადამამუშავებელი ქარხანა, რომელსაც „ბლექ სი პეტროლიუმი“ აშენებს, უმნიშვნელოვანესი შენაძენი იქნება ჩვენი ქვეყნის ეკონომიკისთვის.
ეს არის ყველაზე მსხვილი კერძო საინვესტიციო პროექტი დამოუკიდებელი საქართველოს ისტორიაში. მშენებლობის პირველი ეტაპის ბიუჯეტი 110 მილიონ დოლარს, მთლიანი პროექტის საინვესტიციო მოცულობა კი 700 მილიონ აშშ დოლარს შეადგენს.
ქარხანა აღჭურვილი იქნება მაღალტექნოლოგიური, თანამედროვე დანადგარებით, რაც განაპირობებს უმაღლესი ხარისხის, საერთაშორისო სტანდარტის პროდუქტის მიღებას.
საწარმო ფუნქციონირებას მომავალი წლის მარტში დაიწყებს და პირველ ეტაპზე წლიურად 1,2 მილიონი ტონა ნედლ ნავთობს გადაამუშავებს. ეს მოცულობა ეტაპობრივად 4 მილიონ ტონამდე გაიზრდება.
2028 წლის ბოლოსთვის, საწარმოში სრულად იქნება დანერგილი ნედლი ნავთობის და ნავთობპროდუქტების მაღალტექნოლოგიური გადამუშავება. ამის შემდეგ, „ბლექ სი პეტროლიუმი“ შეძლებს ადგილობრივ ბაზარს მიაწოდოს სხვადასხვა სახის ნავთობპროდუქტები. რაც ასევე არანაკლებ მნიშვნელოვანია, პროდუქტი გავა ექსპორტზე ევროპაში და მსოფლიოს სხვა ბაზრებზე“, - განაცხადა პრემიერმა.
პრემიერის განცხადებით, ყულევის ნავთობგადამამუშავებელი ქარხანა მნიშვნელოვან როლს შეასრულებს ენერგოუსაფრთხოების გაძლიერებაში, პირველ ეტაპზე ქარხანაში 500 ადამიანი დასაქმდება. მისივე თქმით, საწარმოს სრული ციკლით ამოქმედება ხელს შეუწყობს იმპორტის ჩანაცვლებას და მეტად კონკურენტული ბაზრის შექმნას.
„ქარხანა უზრუნველყოფს საერთაშორისო სტანდარტების მაღალანაზღაურებადი სამუშაო ადგილების შექმნას და პირველ ეტაპზე 500 ადამიანს დაასაქმებს. მნიშვნელოვანია, რომ დასაქმებულთა უმრავლესობა ადგილობრივი მაცხოვრებელი იქნება.
რაც ძალიან მნიშვნელოვანია, პროექტი საქართველოში ახალი პროფესიების ჩამოყალიბების, ახალგაზრდობისთვის ახალი ცოდნისა და სამუშაო გამოცდილების მიღების უნიკალურ შესაძლებლობას შექმნის. შესაბამისად, ეკონომიკურთან ერთად, პროექტს დიდი საზოგადოებრივი და სახელმწიფოებრივი მნიშვნელობა აქვს. ყულევის ნავთობგადამამუშავებელი ქარხანა მნიშვნელოვან როლს შეასრულებს ქვეყნის ენერგოუსაფრთხოებისა და ენერგოდამოუკიდებლობის გაძლიერებაში.
მადლობას ვუხდი და წარმატებებს ვუსურვებ „ბლექ სი პეტროლიუმს“, მის ხელმძღვანელობას და ყველა ადამიანს, ვინც ჩართულია ამ პროექტის განხორციელებაში,“- განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.
ხობის მუნიციპალიტეტის სოფელ ყულევში ნავთობგადამამუშავებელი ქარხნის პროექტის პრეზენტაცია გაიმართა. ღონისძიებას საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე ხელისუფლების სხვა წარმომადგენლებთან ერთად დაესწრო.