რუსეთის საოკუპაციო ძალებმა უკრაინის ჩრდილო-აღმოსავლეთში, სუმის სამედიცინო ცენტრს დაარტყეს. ამავე შენობაზე შეტევა ევაკუაციის დროსაც განხორციელდა. დაღუპულია რვა ადამიანი. უკრაინული მხარის განცხადებით, თავდასხმების დროს საავადმყოფოში 86 პაციენტი და 38 თანამშრომელი იმყოფებოდა.
პაციენტების ევაკუაციის მიმდინარეობისას რუსებმა განმეორებით დაარტყეს საავადმყოფოს, რასაც კიდევ ხუთი ადამიანი ემსხვერპლა. უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა, რომ რვა ადამიანი დაიღუპა და 11 დაშავდა. „ყველამ მსოფლიოში, ვინც ამ ომზე საუბრობს, ყურადღება უნდა მიაქციოს, თუ სად ურტყამს რუსეთი. ისინი ებრძვიან საავადმყოფოებს, სამოქალაქო ობიექტებს და მშვიდობიან მოსახლეობას“, - წერს ზელენსკი ტელეგრამ-არხზე.