პარლამენტმა „ამნისტიის შესახებ“ კანონპროექტი მესამე მოსმენით განიხილა და 84 ხმით მხარი დაუჭირა

17 სექტემბერი 2024, 16:58 196 ნახვა

პარლამენტმა, პლენარულ სხდომაზე, ფრაქცია „ქართული ოცნების“ მიერ ინიციირებული „ამნისტიის შესახებ“ კანონპროექტი მესამე მოსმენით განიხილა და 84 ხმით მხარი დაუჭირა.

პარლამენტის მიერ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, „ამნისტიის კანონპროექტი“ არის დაბალანსებული პროექტი, რომელიც წარმოადგენს ჰუმანიზმის პრინციპის პრაქტიკულ გამოვლინებას და იმავდროულად, ითვალისწინებს რა საზოგადოებრივი უსაფრთხოების დაცვის ინტერესს, მაქსიმალურად აზღვევს კრიმინოგენული ვითარების გაუარესებისა და დანაშაულის რეციდივის რისკებს.

„ამნისტიის კანონის მიღების შემდეგ, პენიტენციურ დაწესებულებას 1 000-ზე მეტი პატიმარი დატოვებს. მთლიანობაში, სხვადასხვა შეღავათის სახით ამნისტია 5 000-ზე მეტ პატიმარს შეეხება. ასევე, ეს ინიციატივა მნიშვნელოვანია პირობითი მსჯავრის ქვეშ მყოფი პირებისთვის, იგი დაახლოებით 22 000 პრობაციონერს შეეხება, აქედან 7 000 პირი პრობაციის სისტემას დატოვებს კანონის მიღებისთანავე. საბოლოო ჯამში, სასჯელისგან სრულად ან ნაწილობრივ გათავისუფლება შეეხება სისხლის სამართლის კოდექსის 300-მდე მუხლით გათვალისწინებულ დანაშაულს“, – განაცხადა რატი იონათამიშვილმა.

კანონპროექტი ცალკეულ დანაშაულებთან მიმართებით ითვალისწინებს დაზარალებულის თანხმობის წარდგენის ვალდებულებას, რისთვისაც განსაზღვრულია კონკრეტული ვადა და პროცედურა.

ამასთანავე, ზოგიერთ დანაშაულზე ამნისტიის გავრცელების პირობად მიჩნეულია განზრახი დანაშაულისთვის წინარე ნასამართლობის არქონა. პროექტით გათვალისწინებულია ამნისტიის შემდეგი ფორმები: სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობისაგან და სასჯელისაგან სრულად გათავისუფლება; სასჯელის 1/2-ით, 1/4-ით და 1/6-ით შემცირება და ასევე, პრობაციონერებისთვის პირობითი მსჯავრის ერთი წლით შემცირება.

როგორც აღინიშნა, „ამნისტიის შესახებ“ კანონპროექტი არ შეეხება მკვლელობისთვის ნასამართლევ პირებს, ნარკორეალიზატორებს, სქესობრივ დანაშაულებს, ყაჩაღობას, ტერორიზმს, კორუფციულ და სამოხელეო დანაშაულებს, ქურდულ სამყაროს, კონვენციურ დანაშაულებს და ზოგიერთ მძიმე და განსაკუთრებით მძიმე კატეგორიის დანაშაულებს.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი