იუსტიციის მინისტრმა სპეციალური პენიტენციური სამსახურის თანამშრომლებს პროფესიული დღე მიულოცა. იუსტიციის სამინისტროს ინფორმაციით, რატი ბრეგაძემ პენიტენციური სისტემის თითოეულ დასაქმებულს გაწეული შრომისთვის მადლობა გადაუხადა და 21 მომსახურეს წარმატებული საქმიანობისთვის სპეციალური ჯილდო და სიგელი გადასცა.
მინისტრის თქმით, სპეციალურ პენიტენციურ სამსახურს სახელმწიფოს უსაფრთხოების და მართლწესრიგის საკითხში დიდი როლი აკისრია და ამ საპასუხისმგებლო მისიას უწყება წარმატებით ახორციელებს.
რატი ბრეგაძემ ღონისძიებაზე მიწვეულ სტუმრებს სპეციალური პენიტენციური სამსახურის მიღწევები გააცნო. აღნიშნა, რომ იუსტიციის სამინისტროსა და პენიტენციური სამსახურის ერთ-ერთი მთავარი საზრუნავი იმ ადამიანების კეთილდღეობაა, რომლებიც სასჯელის აღსრულებაზე ზრუნავენ. სამინისტროს ერთ-ერთი პრიორიტეტი თანამშრომელთათვის ღირსეული სამუშაო პირობების შექმნაა.
ბოლო 10 წლის განმავლობაში სისტემაში ხელფასები 118%-ითაა გაზრდილი; მომსახურეები უზრუნველყოფილნი არიან უფასო კვებითა და ჯანმრთელობის დაზღვევით; უსაფრთხო ტრანსპორტირებით, თანამედროვე სპორტული მოედნებით, სავარჯიშო სივრცეებითა და სატრენაჟორო დარბაზებით; აქტიურ რეჟიმში ხორციელდება გადამზადებისა და კვალიფიკაციის ამაღლების პროგრამები.
იუსტიციის მინისტრმა ციხეებში 2012 წლამდე არსებული ვითარებაც გაიხსენა. მისი თქმით, წარსულს ჩაბარდა დრო, როდესაც პენიტენციურ სისტემაში პატიმრებს აწამებდნენ; როდესაც ღირსების შელახვას და არაადამიანურ მოპყრობას სისტემური ხასიათი ჰქონდა. დღეს ქართული ციხეები ევროპის მასშტაბით საუკეთესოა.
რატი ბრეგაძის განცხადებით, დღევანდელი ხელისუფლების ადამიანური სახის ერთ-ერთი ზუსტი მაგალითი სწორედ სასჯელაღსრულების დაწესებულებებია.