ლიანა ისაკაძის სახელობის საერთაშორისო ფესტივალი „ღამის სერენადები“ 21 აგვისტოს ბორჯომში საზეიმოდ გაიხსნა. ფესტივალის პირველ კონცერტს სასტუმრო ბორჯომი ლიკანმა უმასპინძლა.
გახსნითი კონცერტის შემდეგ ფესტივალი გადაინაცვლებს ბათუმში. 23 და 25 აგვისტოს ილია ჭავჭავაძის სახელობის დრამატულ თეატრში ორ კონცერტი გაიმართება.
წლევანდელ ფესტივალში მონაწილეობენ საერთაშორისოდ აღიარებული შემსრულებლები და ახალგაზრდა წარმატებული მუსიკოსები: მარიო სტეფანო პიეტროდარკი – ბანდონეონი, იტალია; ელვინ-ხოჯა განიევი – ვიოლინო, აზერბაიჯანი/თურქეთი; ბეატრიჩე ვენეცი – დირიჟორი, იტალია; სანდრო ნებიერიძე – ფორტეპიანო, საქართველო; ანდრეს გაბეტა – ვიოლინო, საფრანგეთი; მორის შტიგერი – ბლოკ ფლეიტა, შვეიცარია; გიორგი შავერზაშვილი – ფორტეპიანო, საქართველო; გიორგი ხაინდრავა – ვიოლინო, საქართველო; ლიზი რამიშვილი – ჩელო, საქართველო; მარიამ როინიშვილი – სოპრანო, საქართველო; გიორგი ოიკაშვილი – კლარნეტი, საქართველო; ეროვნული სიმფონიური ორკესტრი. დასკვნითი კონცერტები კი 15, 17, 18 და 20 სექტემბერს თბილისის სახელმწიფო კონსერვატორიაში ჩატარდება.
ჯამში, ფესტივალი ერთი თვის განმავლობაში მსმენელს შესთავაზებს შვიდ კონცერტს, ქართველი მხატვრების გამოფენებს, დარგობრივ მასტერკლასებსა და ვორქშოპებს მოსწავლე ახალგაზრდებისა და შშმ/სსსმ პირებისთვის.
საერთაშორისო ფესტივალი „ღამის სერენადები“, რომელიც მსოფლიოში სახელგანთქმულმა მევიოლინემ და დირიჟორმა ლიანა ისაკაძემ 1982 წელს დააარსა საქართველოს უმშვენიერეს მხარეში – აფხაზეთში, ჩვენი ქვეყნის ყველაზე ხანგრძლივი ისტორიის მქონე ტრადიციული ფესტივალია. 1991 წელს განვითარებული მოვლენების გამო ფესტივალმა დროებით არსებობა შეწყვიტა და 2002 წელს, აღდგა „ხელოვნების ზეიმის“ სახელით ქალაქ ბორჯომში, ხოლო 2009 წლიდან დაუბრუნდა შავიზღვისპირეთს, გადაინაცვლა ულამაზეს ქალაქ ბათუმში ისევ „ღამის სერენადების“ სახელით. 2023 წლიდან საფესტივალო ქალაქებს დაემატა ბორჯომი. წელს ფესტივალი აღდგენიდან მეთექვსმეტედ ჩატარდება და მას ლიანა ისაკაძის სახელი მიენიჭა.