კანონის სავარაუდო დარღვევის აღმოსაფხვრელად, tkt.ge-ს დაევალა, გამოასწოროს შიდა პოლიტიკა და კანონის მოთხოვნებს შეუსაბამოს - მომხმარებლის დაცვის სააგენტო

21 აგვისტო 2024, 11:59 270 ნახვა

კონკურენციისა და მომხმარებლის დაცვის სააგენტომ tkt.ge-სთან პირობითი ვალდებულების ხელშეკრულება გააფორმა. კანონის სავარაუდო დარღვევის აღმოსაფხვრელად მოვაჭრეს დაევალა, გამოასწოროს შიდა პოლიტიკა და კანონის მოთხოვნებს შეუსაბამოს, – ამის შესახებ ნათქვამია კონკურენციისა და მომხმარებლის დაცვის სააგენტოს ინფორმაციაში.

სააგენტოს ინფორმაციით, შეთანხმების თანახმად, მოვაჭრეს დაევალა, აღადგინოს იმ მომხმარებელთა, სავარუდოდ, დარღვეული უფლებები, რომელთაც სავაჭრო პოლიტიკის შედეგად ზიანი მიადგა.

„საქართველოს კონკურენციისა და მომხმარებლის დაცვის სააგენტომ (GCCA), მომხმარებლის სასარგებლოდ, ბილეთების ონლაინ ვაჭრობის სექტორში შპს „თინეთთან“ ( www.tkt.ge) პირობითი ვალდებულების ხელშეკრულება გააფორმა. საქართველოს კონკურენციისა და მომხმარებლის დაცვის სააგენტოსა და მოვაჭრეს შორის გაფორმებული შეთანხმების თანახმად, კანონის სავარაუდო დარღვევის აღმოსაფხვრელად, სააგენტოს გადაწყვეტილებით, მოვაჭრეს დაევალა: გამოასწოროს კომპანიის შიდა პოლიტიკა და კანონის მოთხოვნებს შეუსაბამოს; მომხმარებელს ქართულ ენაზე, მკაფიოდ, გასაგებად და სრულად მიაწოდოს ინფორმაცია ვებგვერდზე www.tkt.ge-ზე განთავსებული მომსახურების თაობაზე, მათ შორის, არსებობის შემთხვევაში, ღონისძიებაზე შეზღუდული ხილვადობის სტატუსის ადგილების შესახებ. აღადგინოს იმ მომხმარებელთა, სავარუდოდ, დარღვეული უფლებები, რომელთაც მისი სავაჭრო პოლიტიკის შედეგად ზიანი მიადგა.

საქართველოს კონკურენციისა და მომხმარებლის დაცვის სააგენტოს გადაწყვეტილებით, ხელშეკრულების თანახმად, მოვაჭრეს განესაზღვრა ერთი თვის ვადა სააგენტოს წინაშე ნაკისრი ვალდებულებების შესასრულებლად“, – ნათქვამია საქართველოს კონკურენციისა და მომხმარებლის დაცვის სააგენტოს ინფორმაციაში.

ამასთან, კონკურენციის ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, 2024 წლის შვიდი თვის მონაცემებით, მომხმარებელთა უფლებების დაცვის მიმართულებით 502 განაცხადი დაფიქსირდა. 114 საქმეზე დადასტურდა მომხმარებელთა ჯგუფის უფლების 52 დარღვევის ფაქტი. საქართველოს კონკურენციისა და მომხმარებლის დაცვის სააგენტოს მიერ დაკისრებული ვალდებულების შეუსრულებლობის გამო 27 მოვაჭრეს 35 საქმეზე ჯარიმა დაეკისრა, ჯამში – 22 312 ლარი.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი