მართლმადიდებელი ეკლესია მაცხოვრის ფერისცვალებას აღნიშნავს

19 აგვისტო 2024, 09:57 366 ნახვა

მართლმადიდებელი ეკლესია 19 აგვისტოს მაცხოვრის ფერისცვალებას აღნიშნავს. დღესასწაულთან დაკავშირებით საქართველოს ყველა მოქმედ ეკლესია-მონასტერში სადღესასწაულო წირვა-ლოცვა აღევლინება. 

ფერისცვალების დღესასწაული 12 უდიდეს დღესასწაულთა შორისაა. 

წმინდა სახარების მიხედვით, ამ დღეს თაბორის მთაზე იესო ქრისტემ სამი მოწაფის - პეტრეს, იაკობისა და იოანეს წინაშე ფერი იცვალა და თავისი ღვთაებრივი დიდებულება აჩვენა. მაცხოვარს ზეციური დიდებით მოსილი მოსე და ილია წინასწარმეტყველი გამოეცხადნენ. ისინი უფალთან იმ ვნებისა და ტანჯვის შესახებ საუბრობდნენ, რაც მას იერუსალიმში ელოდა.

მოციქულებს შემდეგ თავს ელვარე ღრუბელი დაადგა, საიდანაც ღვთის ხმა ამბობდა: "ესე არს ძე ჩემი საყუარელი, რომელი მე სათნო ვიყავ. მაგისი ისმინეთ“ (მათე XVII, 5). ხილვით შეშინებული მოწაფეები პირქვე დაემხნენ, როდესაც აიხედეს, მათ წინაშე მხოლოდ იესო იდგა. მან გააფრთხილა მომავალი მოციქულები, რომ ეს ამბავი არავისთვის ეთქვათ, ვიდრე მკვდრეთით არ აღდგებოდა.

ყოველ 19 აგვისტოს, ფერისცვალების ღამეს, თაბორის მთა ღრუბლით იფარება.

ფერისცვალების დღესასწაულზე ტაძრებში ყურძენი და ხილი იკურთხება. მარხულთათვის კი ეს დღე თევზით ხსნილია.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი