რუსეთის კურსკის ოლქის ქალაქ სუჯას უკრაინული ძალები აკონტროლებენ

13 აგვისტო 2024, 09:50 316 ნახვა

უკრაინული ძალები რუსეთის კურსკის ოლქის სულ უფრო მეტ დასახლებებს იკავებენ. უკრაინელი ჯარისკაცი გადაღებულ სელფიში  ამბობს, რომ  ქალაქი სუჯა  აღარ არის რუსეთის კონტროლის ქვეშ და, რომ ქალაქში მათ ვერ იპოვეს ვერც ერთი რუსი ჯარისკაცი. 

თანამგზავრიდან  გადაღებულ სურათებზე  სუჯის სასაზღვრო პუნქტის მახლობლად გაზის გამანაწილებელი  სადგურის დაზიანებაა აღბეჭდილი. იგი ურენგოი-უჟგოროდის მაგისტრალური გაზსადენის ერთ-ერთ საკვანძო გაზის გამანაწილებელი სადგურია.

სწორედ ამ სადგურზე გადის ყველაზე დიდი სატრანზიტო დერეფანი, რომლიდანაც ბუნებრივი აირი რუსეთიდან ევროპას მიეწოდება.საბჭოთა ეპოქის ურენგოი-პომარი-უჟგოროდის გაზსადენით დასავლეთ ციმბირიდან გაზი რუსეთის კურსკის რეგიონში მდებარე სუჯისა და  უკრაინის გავლით სლოვაკეთის მიმართულებით მიედინება.

სლოვაკეთში გაზსადენი გაყოფილია, ერთი განშტოება ჩეხეთის რესპუბლიკაში მიდის, მეორე ავსტრიაში. რუსული გაზის ძირითადი იმპორტიორები არიან უნგრეთი, სლოვაკეთი და ავსტრია.

2023 წელს სუჯის გავლით დაახლოებით 14,65 მილიარდი კუბური მეტრი გაზის მიწოდება მოხდა, რაც ევროპაში რუსული ბუნებრივი გაზის ექსპორტის დაახლოებით ნახევარს შეადგენს.

გუგული ბერიძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში