საქართველოში არჩევნები უნდა ჩატარდეს მშვიდობიან და მშვიდ გარემოში. ეს არის პრინციპულად მნიშვნელოვანი, განსაკუთრებულად – მმართველი ძალისთვის, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებს განუცხადა.
სამტრედიაში ნიკა მელიასთვის შეურაცხყოფის მიყენებასთან დაკავშირებით ჟურნალისტების კითხვის პასუხად პრემიერმა აღნიშნა, რომ ნებისმიერი მსგავსი ინციდენტი მიუღებელია.
„პრინციპულად მნიშვნელოვანია, რომ არჩევნები ჩატარდეს მშვიდობიან და მშვიდ გარემოში. რა თქმა უნდა, ნებისმიერი ასეთი ინციდენტი არის მიუღებელი. ყველას მოვუწოდებ, თავი შეიკავონ ასეთი აქტებისგან. არჩევნები საქართველოში უნდა ჩატარდეს მშვიდობიან და მშვიდ გარემოში, ეს არის პრინციპულად მნიშვნელოვანი, განსაკუთრებულად – მმართველი ძალისთვის“, – განაცხადა პრემიერმა.
ირაკლი კობახიძს განმარტებით, ნულს მინუს ერთი უდრის მინუს ერთს. ეს არის „ლელოს“ დღევანდელი მდგომარეობა.
პრემიერის თქმით, ამ პოლიტიკურ ძალას წარმატების არავითარი შანსი არ აქვს.
„ნულს მინუს ერთი უდრის მინუს ერთს. ეს არის „ლელოს“ დღევანდელი მდგომარეობა. აქედან გამომდინარე, რა თქმა უნდა, წარმატების არავითარი შანსი ამ პოლიტიკურ ძალას არ აქვს“, – განაცხადა პრემიერმა.
მისივე განმარტებით, ავტორიტარიზმის ფესტივალი საქართველოში არ შედგება. როგორც პრემიერმა აღნიშნა დემოკრატიის ნამდვილი ფესტივალი შედგება 26 ოქტომბერს, როცა გაიმარჯვებს „ქართული ოცნება“.
პრემიერის თქმით, ის ფაქტი, რომ უცხოეთიდან საქართველოში ფინანსდება ავტორიტარიზმის ფესტივალები, მეტყველებს იმაზე, რომ საზღვარგარეთ ვიღაცას სურს, საქართველოში დააბრუნოს ავტორიტარიზმი.