სალომე ზურაბიშვილის მიერ გამჭვირვალობის წინააღმდეგ სარჩელს ვერც სამართლებრივი და ვერც ვერანაირი თვალსაზრისით, ვერავითარი პერსპექტივა ვერ ექნება, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ განაცხადა.
პრემიერის თქმით, სარჩელის დადებითი მხარე არის ის, რომ სალომე ზურაბიშვილმა დაუშვა შეცდომა და აღიარა საკონსტიტუციო სასამართლოს ლეგიტიმაცია.
„მგონია, რომ ამ სარჩელს ვერავითარი პერსპექტივა ვერ ექნება. შეუძლებელია, უბრალოდ იმის მტკიცება, რომ გამჭვირვალობა არის ცუდი, სამართლებრივად არის არასწორი. ერთი დადებითი მხარე, რაც აქვს ამ სარჩელს, არის ის, რომ სალომე ზურაბიშვილმა დაუშვა შეცდომა, აღიარა საკონსტიტუციო სასამართლოს ლეგიტიმაცია, იმ სასამართლოს ლეგიტიმაცია, რომელმაც სალომე ზურაბიშვილი კონსტიტუციის დამრღვევად გამოაცხადა. ამით მან აღიარა, რომ ქვეყანას ჰყავს კონსტიტუციის დამრღვევი პრეზიდენტი. თავადვე აღიარებს ამ ფაქტს, რაც არის ძალიან კარგი. რაც შეეხება სარჩელს, კიდევ ერთხელ, ვიტყვი, რომ გამჭვირვალობის წინააღმდეგ შეტანილ სარჩელს ვერც სამართლებრივი და ვერც ვერანაირი თვალსაზრისით, ვერავითარი პერსპექტივა ვერ ექნება“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.
საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა საკონსტიტუციო სასამართლოს სარჩელით მიმართა, რომლითაც ითხოვს, „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონი შეჩერდეს და საბოლოოდ გაუქმდეს.