აზერბაიჯანის მიზანია ევროპაში აზერბაიჯანული გაზის ტრანსპორტირების გაორმაგება, – ამის შესახებ აზერბაიჯანის პრეზიდენტმა, ილჰამ ალიევმა შუშაში, გლობალურ მედიაფორუმზე ისაუბრა.
როგორც ალიევმა აღნიშნა, რესურსების ევროპაში მიწოდება არსებული სატრანსპორტო ქსელის მეშვეობით იგეგმება.
„ჩვენ 2021 წელს ევროპაში მილიარდ კუბურ მეტრზე მეტი გაზის ტრანსპორტირება განვახორციელეთ. მიმდინარე წელს, მხოლოდ ევროპას, მივაწვდით 13 მილიარდ კუბურ მეტრს. 2027 წლის ბოლომდე ევროპაში ექსპორტი 16 მილიარდ კუბურ მეტრამდე უნდა გავზარდოთ. ამ რესურსების ევროპაში მიწოდება იგეგმება არსებული სატრანსპორტო ქსელის – სამხრეთის გაზის დერეფნის, ასევე, ინტერკონექტორების საშუალებით“, – განაცხადა აზერბაიჯანის პრეზიდენტმა.
ილჰამ ალიევმა ტრანსანატოლიური მილსადენის მნიშვნელობასა და დაფინანსების საკითხზეც ისაუბრა.
"ერთი მხრივ, ევროპა გვთხოვს გაზის წარმოების გაზრდას და ევროპაში ტრანსპორტირებას, რადგან მათ ეს სერიოზულად სჭირდებათ, მეორე მხრივ, არ აფინანსებენ. ისინი ჩვენგან იქ მილიარდების ინვესტიციას ელოდებიან. ამასთან, ამბობენ, რომ ათ წელიწადში ევროკავშირს გაზი აღარ დასჭირდება. მაშ, ჩვენ სულელები ვართ ათეულობით მილიარდი დოლარის ინვესტირება განვახორციელოთ გაზში, რომელიც მათ არ დასჭირდებათ?!“ – აღნიშნა ილჰამ ალიევმა.