UEFA-ს 2024 წლის ევროპის ჩემპიონატის უსაფრთხოდ ჩატარებაში საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლები მონაწილეობდნენ. სამართალდამცველებმა საქართველოს ეროვნული ნაკრების ასპარეზობის პერიოდში ჩემპიონატის ფარგლებში ჩატარებული მატჩების დაცვისა და უსაფრთხოების ღონისძიებებში მონაწილეობა მიიღეს.
უწყების ინფორმაციით, სამინისტროს ადმინისტრაციის ორი თანამშრომელი უწყვეტ რეჟიმში მუშაობდა საერთაშორისო საპოლიციო თანამშრომლობის ცენტრში.
ასევე, თბილისისა და აჭარის პოლიციის დეპარტამენტების ორ-ორი თანამშრომელი სტადიონებზე, მობილური ჯგუფის სახით მონაწილეობდა ადგილობრივი პოლიციის შესაბამისი დანაყოფების ხელშეწყობის ოპერაციებში.
საპატრულო პოლიციის ათი თანამშრომელი ყოველდღიურად სხვადასხვა ქალაქის აეროპორტსა და რკინიგზის სადგურზე გერმანელ პოლიციის ოფიცრებს უწევდნენ დახმარებას.