დღეიდან მასწავლებელთა შრომის ანაზღაურების ახალი მექანიზმი ამოქმედდება. შესაბამისი გადაწყვეტილება საქართველოს მთავრობამ მიიღო.
ახალი პოლიტიკის თანახმად, საჯარო სკოლის ყველა სტატუსიან მასწავლებელს და სპეციალურ მასწავლებელს ხელფასი, საშუალოდ 500 ლარით გაეზრდება.
სამინისტროს ცნობით, სახელფასო რეფორმის პარალელურად, ასევე იწყება მუშაობა კარიერული სქემის განვითარებაზე.
"ამ მიზნით, საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროში იქმნება სპეციალური ინკლუზიური კომისია ყველა დაინტერესებული მხარის ჩართულობით. საერთაშორისო გამოცდილებასა და ადგილობრივ კვლევებზე დაფუძნებულ გაუმჯობესებულ მოდელს სამუშაო ჯგუფი მიმდინარე წლის ბოლომდე შეიმუშავებს“, - ნათქვამია ინფორმაციაში.