ევროპის უსაფრთხოებისა და თანამშრომლობის ორგანიზაციის საპარლამენტო ასამბლეამ, ბუქარესტში გამართულ შეხვედრაზე, მიიღო რეზოლუცია, რომელშიც რუსეთის ქმედებები, უკრაინელი ხალხის მიმართ, გენოციდად აღიარა.
ინფორმაციას, ამის შესახებ, ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეაში უკრაინის დელეგაციის წევრი, პაველ ფროლოვი სოციალურ ქსელში ავრცელებს.
რუსეთის შეიარაღებული აგრესიის შესახებ მიღებულ რეზოლუციაში აღნიშნულია, რომ ხანგრძლივი მშვიდობის დამყარების აუცილებელი წინაპირობა, რუსეთის დეკოლონიზაციაა.
დოკუმენტი მოუწოდებს ორგანიზაციის ყველა წევრს, რომ „მშვიდობის ფორმულის“ მხარდაჭერით, წვლილი შეიტანონ ყირიმისა და უკრაინის ყველა დროებით ოკუპირებული ტერიტორიის დეოკუპაციაში.
ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეამ მხარი დაუჭირა ასევე, რუსეთისთვის პასუხისმგებლობის დაკისრებას დანაშაულებისთვის, სპეციალური ტრიბუნალის შექმნით. ასევე, უკრაინის სასარგებლოდ გაყინული რუსული აქტივების გამოყენების მექანიზმის სწრაფ ამოქმედებას.
ამის გარდა, რეზოლუცია მხარს უჭერს რუსული თხევადი ბუნებრივი აირის წინააღმდეგ სანქციებს და საერთაშორისო კოალიციის შექმნას უკრაინელი ბავშვების დასაბრუნებლად.