აშშ და საფრანგეთი ადასტურებენ ერთგულებას, დგანან ქართველი ხალხის გვერდით მათ ევროატლანტიკურ მისწრაფებებში, – ამის შესახებ, აშშ-ის პრეზიდენტს, ჯო ბაიდენსა და საფრანგეთის პრეზიდენტს, ემანუელ მაკრონს შორის გამართული შეხვედრის შემდეგ, თეთრი სახლის მიერ გავრცელებულ განცხადებაშია აღნიშნული.
აშშ-ისა და საფრანგეთის პრეზიდენტები მოუწოდებენ მმართველ პარტია „ქართულ ოცნებას“, პატივი სცენ საზოგადოების სურვილებს ევროატლანტიკურ გზაზე დაბრუნებით.
„აშშ და საფრანგეთი მხარს უჭერენ სამხრეთ კავკასიაში სამართლიანი და ხანგრძლივი მშვიდობის დამყარებას, რომელიც დაფუძნებულია საერთაშორისო სამართლის პატივისცემაზე, ასევე, სუვერენიტეტის, საზღვრების ხელშეუხებლობისა და ტერიტორიული მთლიანობის პრინციპებზე. ისინი მხარს უჭერენ შემდგომ რეგონულ ინტეგრაციას სამხრეთ კავკასიის ყველა რეგიონში მცხოვრები მოსახლეობის საკეთილდღეოდ“, – აღნიშნულია თეთრი სახლის განცხადებაში.
ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტი, ჯო ბაიდენი ნორმანდიაში მოკავშირეების ძალების გადასხმის 80 წლის იუბილესთან დაკავშირებით დაგეგმილ ღონისძიებებზე დასასწრებად საფრანგეთში იმყოფება, სადაც საფრანგეთის პრეზიდენტმა, ემანუელ მაკრონმა უმასპინძლა.