აშშ-ის მიერ ტაივანისათვის იარაღის მიყიდვა ჩინეთისთვის წითელ ხაზს წარმოადგენს - ჩინეთის თავდაცვის მინისტრი

02 ივნისი 2024, 12:12 322 ნახვა

ჩინეთის თავდაცვის მინისტრის თქმით, ტაივანის ჩინეთთან მშვიდობიანი გზით გაერთიანების პერსპექტივას სეპარატისტები და გარე ძალები უთხრიან ძირს. ამის შესახებ, დონ ჯუნმა სინგაპურში „შანგრილას დიალოგის“ სახელით ცნობილ უსაფრთხოების სამიტზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

„ტაივანთან დაკავშირებული საკითხების გადაწყვეტა კანონის მიხედვით წარმოადგენს ჩინეთის შიდა საქმეს და გარე ძალებს არ აქვთ ჩარევის უფლება. ჩვენ ყოველთვის ვიყავით მშვიდობიანი გაერთიანების ერთგულები, მაგრამ, ამ პერსპექტივას ძირს უთხრიან ტაივანის დამოუკიდებლობის მომხრე ელემენტები და გარე ძალები. ეროვნული განხეთქილების საფრთხე მუდამ არსებობს“, – განაცხადა ჩინეთის თავდაცვის მინისტრმა.

ჩინეთის სამხედრო მაღალჩინოსნის თქმით, აშშ-ის მიერ ტაივანისათვის იარაღის მიყიდვა ჩინეთისთვის წითელ ხაზს წარმოადგენს.

„ასეთი ქცევა ძალიან არასწორ გზავნილებს აძლევს ტაივანის დამოუკიდებლობის მომხრე ძალებს და მათ უფრო აგრესიულს ხდის. ჩვენ მკაფიოდ ვამბობთ, რომ უცხოეთის ძალების ნამდვილი ამოცანაა, გამოიყენონ ტაივანი ჩინეთის შესაკავებლად“, – განაცხადა დონ ჯუნმა.

ამავე გამოსვლაში ჩინეთის თავდაცვის მინისტრმა სამხრეთ-აღმოსავლეთ აზიის ქვეყნების ასოციაციაში შემავალ სახელმწიფოთა ნაწილს საკუთარი ვალდებულებების დარღვევაში დასდო ბრალი.

„კონკრეტული ქვეყნები გარე ძელების წაქეზებით გავიდნენ ორმხრივი შეთანხმებებიდან, დაარღვიეს საკუთარი ვალდებულებები, განზრახ გააღვივეს პრობლემები, ქმნიდნენ ილუზიებს, რათა შეცდომაში შეეყვანათ საზოგადოება და ასევე, ახდენდნენ რეგიონის ქვეყნების საერთო ინტერესების იგნორირებას. მათ დაარღვიეს სამხრეთ-აღმოსავლეთ აზიის ქვეყანათა ასოციაციის წესდების ორი მუხლი, თანამშრომლობდნენ გარე ძელებთან, რათა რეგიონში სტრატეგიული რაკეტები განელაგებინათ, ამან კი, სერიოზულად გამოუთხარა ძირი რეგიონულ სტაბილურობასა და უსაფრთხოებას. ასეთი ქმედებები, საბოლოოდ, კონტრპროდუქტიული იქნება“,- განაცხადა ჩინეთის თავდაცვის მინისტრმა.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი