ქართველო ხალხო, თქვენი კანონიერი ადგილი ევროპაშია - ესტონეთის საგარეო საქმეთა მინისტრი

15 მაისი 2024, 23:27 292 ნახვა

ქართველო ხალხო, თქვენი კანონიერი ადგილი ევროპაშია და ყველა ერთად ყველაფერს გავაკეთებთ, რაც შეგვიძლია, რომ ეს კურსი გაგრძელდეს, - ამის შესახებ ესტონეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, მარგუს ცაჰკნამ რუსთაველზე მიმდინარე აქციაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

„ქართველო ხალხო, მე ჩამოგიტანეთ ესტონელი ხალხის გზავნილი, რომ თქვენ მარტო არ ხართ. ჩვენი ერები ძალიან მჭიდროდ არიან დაკავშირებული, რადგან ვიზიარებთ საერთო ისტორიას. ჩვენ ზუსტად ვიცით, რა არის თავისუფლების ფასი და ვიცით, რომ თავისუფლება არ არის თავისთავად არსებული მოცემულობა. ჩვენ გვჯერა, რომ ყველა ერს აქვს უფლება თავად გადაწყვიტოს, რას მიეკუთვნება, რა ღირებულებებს იზიარებს და უჭერს მხარს. ვიცი, რომ თქვენთან, ქართველ ხალხთან ერთად ჩვენ ვიზიარებთ დემოკრატიის, თავისუფლების ერთნაირ ღირებულებებს.

ესტონეთმა როდესაც დაიბრუნა თავისი დამოუკიდებლობა 1991 წელს, ჩვენ ყველამ ერთად, როგორც ერმა, სხვადასხვა პოლიტიკურმა პარტიამ გადავწყვიტეთ, რომ აღარასდროს ვიქნებით მარტო, გადავწყვიტეთ, გავაერთიანოთ ჩვენი ძალისხმევა ევროკავშირისკენ და ნატო-სკენ სვლისთვის. ახლა ჩვენ ვართ ამ ორგანიზაციების 20 წლის წევრები. ამ წევრობის გარეშე, მე ვერ შევძლებდი აქ, თქვენს წინაშე დგომას, როგორც თავისუფალი ესტონეთის საგარეო საქმეთა მინისტრი.

ჩვენ ვიცით, რას ნიშნავს, როდესაც კარგავ თავისუფლებას, კარგავ უფლებას, თავად, როგორც ერმა გადაწყვიტო, რას მიეკუთვნები, რა სახის ღირებულებებს იზიარებ. ჩვენ ვიცით ეს. ქართველო ხალხო, უნდა იცოდეთ, რომ ჩვენ, ყველა თქვენთან ერთად ვართ, თქვენ აღარასდროს იქნებით მარტო. თქვენ, როგორც ერმა გადაწყვიტეთ, აირჩიოთ გზა ევროპისკენ. თქვენი კანონიერი ადგილი ევროპაშია და ჩვენ ყველა ერთად გავაკეთებთ ყველაფერს, რაც შეგვიძლია, რომ ეს კურსი გაგრძელდეს“, - განაცხადა მარგუს ცაჰკნამ.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში