ჩვენი მიზანია, მმართველი პარტიას გადავცეთ გზავნილი მძიმე შედეგების შესახებ, რომლის წინაშეც აღმოჩნდება საქართველო, თუ საშიშ კურსს განაგრძობენ - გაბრიელიუს ლანდსბერგისი 

15 მაისი 2024, 11:52 349 ნახვა

საქართველოსი ჩვენი ჩამოსვლის მიზანია, გამოვხატოთ მხარდაჭერა, სოლიდარობა ყველას მიმართ, ვინც იბრძვის საქართველოს დემოკრატიული და ევროპული არჩევანისთვის, ევროპული მომავლისთვის, – ამის შესახებ ლიეტუვის საგარეო საქმეთა მინისტრმა, გაბრიელიუს ლანდსბერგისმა განაცხადა.

მისივე თქმით, ეს მომავალი ქართველ ხალხს ეკუთვნის.

"საქართველოში ჩამოვედით, როგორც თქვენი უახლოესი მეგობრები, რომლებიც ზრუნავენ საქართველოზე, მათ ხალხზე, ზრუნავენ საქართველოს ევროპულ მომავალზე. გასული კვირების განმავლობაში საქართველო კიდევ ერთხელ აღმოჩნდა მედიის სათაურებში უაღრესად საკამათო უცხოური გავლენის შესახებ კანონის გამო, რომელიც საქართველოს პარლამენტში წარადგინეს. ასევე აქციის მონაწილეების მიმართ სრულიად მიუღებელი ძალის გამოყენების, არასამთავრობო ორგანიზაციებისა და აქტივისტების მიმართ ორკესტრირებული დაშინების კამპანიის გამო. ასევე იმის გამო, რომ ხალხმა გამოიჩინა შესანიშნავი გამძლეობა – ძალადობითა და დაშინებით შეუკავებელობა. ანტიდასავლური პროპაგანდით შეცდომაში არშეყვანა მათ ევროპულ მისწრაფებებს თვალსაჩინოს და უფრო გასაგებს ხდის.

 

თავისუფალ სამყაროში კანონის უზენაესობა, ადამიანის უფლებები, ფუნდამენტური თავისუფლებები, ისევე როგორც სამოქალაქო საზოგადოება არის კრიტიკულად მნიშვნელოვანი აქტივი და არა ვალდებულება. მხოლოდ არადემოკრატიული რეჟიმები ხედავენ მათ ჩახშობას, როგორც ძალაუფლების შენარჩუნების გზას. გულწრფელად ვიმედოვნებ, რომ საქართველო ამ მიმართულებით არ აღმოჩნდება.

 

ჩვენი ჩამოსვლის პირველი მიზანია, გამოვხატოთ მხარდაჭერა, სოლიდარობა ყველას მიმართ, ვინც იბრძვის საქართველოს დემოკრატიული და ევროპული არჩევანისთვის, ევროპული მომავლისთვის. ეს მომავალი ქართველი ხალხის საკუთრებაა და ის არავის ხელში არ უნდა იყოს.

 

ჩვენი მეორე მიზანია, მმართველი პარტიის წარმომადგენლებს როგორც პარლამენტში, ისე მთავრობაში მკაფიო გზავნილი გადავცეთ რისკებისა და მძიმე შედეგების შესახებ, რომლის წინაშეც საქართველო აღმოჩნდება, თუ ისინი განაგრძობენ ძალიან საშიშ კურსს“, – განაცხადა ლიეტუვის საგარეო საქმეთა მინისტრმა.

მან ასევე აღნიშნა, რომ საქართველოს ბევრი მიღწევა აქვს ევროინტეგრაციის გზაზე.

„საქართველომ უკვე ბევრს მიაღწია ევროკავშირში ინტეგრაციის გზაზე. ევროკავშირში გაწევრიანების მოლაპარაკებების დაწყებასთან არასოდეს ყოფილხართ ისე ახლოს, როგორც გასული დეკემბერის შემდეგ, მას შემდეგ, რაც ევროსაბჭომ მიიღო გადაწყვეტილება საქართველოსთვის კანდიდატის სტატუსის მინიჭების შესახებ იმის გათვალისწინებით, რომ სრულყოფილად განახოციელებს დარჩენილ რეკომენდაციებს. თუმცა არც წარსულის და არც მომავლის მიღწევები არ შეიძლება, ჩაითვალოს თავისთავადი მოცემულობა. მრავალი წელი, ბევრი ძალისხმევა დასჭირდა ამას, მაგრამ ყველაფრის დაკარგვა შესაძლებელია მხოლოდ თვალის ერთი დახამხამებით. ჩვენი მოვალეობაა, მოგიყვეთ ეს ყველაფერი ისე, როგორც არის. ნება მომეცით, ძალიან მკაფიოდ ვიყო.

უცხოური აგენტების შესახებ კანონის მიღება და საქართველოს სამოქალაქო საზოგადოების წინააღმდეგ განხორციელებული განგრძობადი რეპრესიები შეაჩერებს საქართველოს შემდგომ პროგრესს ევროკავშირისა და ნატო-ს გზაზე. ეს თუ მოხდება, პასუხისმგებლობა მთლიანად ეკისრება საქართველოს მთავრობას, თუმცა, ჯერ კიდევ არ არის გვიან. ქალბატონი პრეზიდენტისგან გავიგეთ, რომ ის გეგმავს კანონზე ვეტო-ს დადებას და მისცემს საშუალებას მთავრობას, საერთოდ გააუქმოს ეს სამწუხარო საკანონმდებლო ინიციატივა. არ უნდა არსებობდეს ილუზია, რომ კოსმეტიკური ცვლილებები ამ კანონს დემოკრატიის ან ევროკავშირის სტანდარტებთან შესაბამისობაში მოიყვანს. ეს კანონი არ შეესაბამება ევროპულ არჩევანს.

თქვენ არ შეგიძლიათ გაასწოროთ ის, რაც ფუნდამენტურად გატეხილია. ჩვენი ჭეშმარიტი ინტერესია, დავეხმაროთ საქართველოს ევროპული მოგზაურობის განხორციელებაში საბოლოო დანიშნულებამდე. საქართველო ევროპას ეკუთვნის. როგორც ზურაბ ჟვანიამ სტრასბურგში სიტყვით გამოსვლისას განაცხადა, როდესაც საქართველო ევროპის საბჭოში გაწევრიანდა – მე ვარ ქართველი და მაშასადამე ვარ ევროპელი – დიახ, თქვენ ხართ“, – განაცხადა ლიეტუვის საგარეო საქმეთა მინისტრმა.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი