ამ ეტაპზე ბიძინა ივანიშვილის წინააღმდეგ სანქციები არ არის დაწესებული - ო’ბრაიენი

14 მაისი 2024, 22:11 314 ნახვა

ამ ეტაპზე ბიძინა ივანიშვილის წინააღმდეგ სანქციები არ არის დაწესებული, - ამის შესახებ ევროპისა და ევრაზიის საკითხებში აშშ-ის სახელმწიფო მდივნის თანაშემწის, ჯიმ ო’ბრაიენმა პრესკონფერენციაზე განაცხადა.

ო"ბრაიენმა კომენტარი გააკეთა "ქართული ოცნების" საპატიო თავმჯდომარის ბიძინა ივანიშვილის მხრიდან მასთან შეხვედრაზე უარის შესახებაც.

მისივე განმარტებით, პრემიერ-მინისტრის მხრიდან პასუხი იყო, რომ ივანიშვილი იმყოფება დე ფაქტო სანქციებზე და მისი პოზიციაა, რომ შანტაჟის ქვეშ შეხვედრას ვერ გამართავდა.

ო"ბრაიენის განცხადებით, ივანიშვილის მიმართ სანქციები არ არის. მისივე განმარტებით, ფაქტი, რომ ასეთი გავლენიანი ადამიანი არასწორად ინფორმირებულია, ნამდვილად გასაოცარი და სამწუხაროა.

„ჩამოსვლამდე მე ვიკითხე, რომ მოხარული ვიქნებოდი, კიდევ ერთხელ ვიხილო ბატონი ივანიშვილი, პრემიერ-მინისტრმა მითხრა, რომ ის მე არ შემხვდებოდა, რადგან ჩვენ ივანიშვილი დე ფაქტო სანაქციების ქვეშ გვყავს. ამ ეტაპზე მის წინააღმდეგ სანქციები არ არის დაწესებული. ასეთი გავლენიანი პირისთვის ასე ძლიერ მცდარად ინფორმირებულობა არის შოკისმომგვრელი და იმედგაცრუებას იწვევს.

 

პრემიერ-მინისტრისთვის იმის თქმა, რომ საქართველოს ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი პარტნიორი ვერ შეხვდება ამ მოქალაქეს, არის ამ პირადი ინტერესის, ქვეყნის კონსტიტუციური ვალდებულების მაღლა დაყენება, რაც გულისხმობს საერთაშორისო პარტნიორებთან მუშაობას ევროკავშირსა და ნატო-ში გასაწევრიანებლად. სწორედ ამიტომ, მე ვთქვი, რომ კანონი არის მხოლოდ ერთი ნაწილი ფართო საუბრის. ეს მოიცავს იმას, რაც ვფიქრობ, არის მნიშვნელოვანი და შეიძლება, იყოს გარდამტეხი მომენტი აქამდე კონსტრუქციულ და პროდუქტიულ პარტნიორობაში“, – განაცხადა ევროპისა და ევრაზიის საკითხებში აშშ-ის სახელმწიფო მდივნის თანაშემწემ, ჯიმ ო’ბრაიენმა

მისივე განცხადებით, თუ კანონი წინ წავა ისე, რომ შესაბამისობაში არ მოვა ევროკავშირის ნორმებთან, ძირი გამოეთხრება დემოკრატიას, მაშინ ვიხილავთ აშშ-ის შეზღუდვებს პირებზე და მათი ოჯახის წევრებზე, რომლებიც პასუხისმგებლები იქნებიან ამ ქმედებებზე.

"თუ კანონი წინ წაიწევს ევროკავშირის ნორმებთან შესაბამისობის გარეშე და თუ ამგვარი რიტორიკა ამერიკის შეერთებული შტატებისა და სხვა პარტნიორების მისამართით გაგრძელდება, ვფიქრობ, ურთიერთობები რისკის ქვეშ დადგება. რამდენიმე მაგალითს შემოგთავაზებთ - ამერიკის შეერთებულ შტატებს აქვს, დაახლოებით, 319 მილიონი დოლარის დახმარება, რომლის დახარჯვასაც ვგეგმავთ საქართველოს ხელისუფლებასთან, ნახევარს სამხედრო დახმარებისთვის, მესამედის დახარჯვას ვგეგმავთ ეკონომიკური განვითარებისთვის საჭირო პროექტებისა და ასევე ინსტიტუციების მშენებლობისთვის და სამოქალაქო საზოგადოებისთვის. ყველაფერი ეს უნდა გადაიხედოს, თუ ჩვენ ახლა განვიხილებით როგორც მოწინააღმდეგე და არა პარტნიორები.

 

და თუ ეს კანონი წინ წავა ისე, რომ შესაბამისობაში არ მოვა ევროკავშირის ნორმებთან და ძირი გამოეთხრება დემოკრატიას, იქნება ძალადობა მშვიდობიანი პროტესტანტების წინააღმდეგ, მაშინ ჩვენ ვიხილავთ ამერიკის შეერთებული შტატების მიერ დაწესებულ შეზღუდვებს, იქნება ეს ფინანსური თუ სამოგზაურო შეზღუდვები იმ პირებზე და მათი ოჯახის წევრებზე, რომლებიც პასუხისმგებლები იქნებიან ამ ქმედებებზე“,- განაცხადა ობრაიენმა.

მისივე თქმით, აშშ-ს სურს, რომ საქართველოს ჰქონდეს განგრძობითი მშვიდობიანი გზა ევროკავშირისა და ნატოსკენ.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში