დღეს საქართველოში, ავტოკეფალიის აღდგენის დღე აღინიშნება. ამ წუთებში სვეტიცხოვლის საკათედრო ტაძარში საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის ავტოკეფალიის აღდგენის 100 წლის იუბილესთან დაკავშირებით სადღესასწაულო წირვა მიმდინარეობს. საღმთო ლიტურგიას სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი, უწმინდესი და უნეტარესი ილია მეორე მღვდელმთავრებთან და სასულიერო პირებთან ერთად ატარებს. ქართულმა ეკლესიამ ავტოკეფალია ანტიოქიის ეკლესიისაგან 457 წელს მიიღო. რუსეთის იმპერიამ კი საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის ავტოკეფალია 1811 წელს გააუქმა. ავტოკეფალიის აღდგენამდე რუსეთის სინოდი ქართულ ეკლესიას ეგზარქოსების მეშვეობით ხელმძღვანელობდა. ქართულმა ეკლესიამ ავტოკეფალია 1917 წლის 25 მარტს აღიდგინა. მისი დამოუკიდებლობა ყველა მართლმადიდებელმა ეკლესიამ სცნო, თუმცა, ეს წერილობით დადასტურებული არ ყოფილა. მსოფლიო საპატრიარქომ საქართველოს ავტოკეფალია ოფიციალურად 1990 წელს 4 მარტს სცნო.