პარლამენტში ცესკო-ს თავმჯდომარეობისა და წევრობის კანდიდატების შესარჩევმა კომისიამ კანდიდატებთან გასაუბრება დაიწყო.
ცხრაწევრიან შესარჩევ კომისიაში სამმა წევრმა, მათ შორის პრეზიდენტის წარმომადგენელმა უფლებამოსილება შეიჩერა და კომისია ექვსი წევრით განაგრძობს მუშაობას.
კომისიაში პრეზიდენტის წარმომადგენლის ლევან შენგელიას განმარტებით, გუშინ საორგანიზაციო სხდომაზე არასამთავრობო ორგანიზაციების ორმა ხელმძღვანელმა, ნინო ჩხობაძემ და ზაურ ხალილოვმა „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის“ შესახებ კანონპროექტის გამო, კომისიის მუშაობის დროებით გადადება მოითხოვა, თუმცა მათი მოთხოვნა არ დაკმაყოფილდა. აღნიშნულის გამო, ჩხობაძემ და ხალილოვმა უფლებამისილება შეიჩერეს.
პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილთან კონსულტაციის შემდეგ, სოლიდარობის ნიშნად, შერჩევის გაემიჯნა პრეზიდენტის წარმომადგენელიც, თუმცა კომისიას სამი წევრის გარეშეც აქვს მუშაობის გაგრძელების ლეგიტიმაცია.
ცესკო-ს წევრობის კანდიდატ ლუხუმ ბურჯალიანს უკვე მოუსმინეს და ახლა წევრობის კიდევ ერთ კანდიდატთან, მაია ზარიძესთან მიმდინარეობს გასაუბრება. დღესვე მოუსმენენ ცესკო-ს თავმჯდომარეობის კანდიდატ გიორგი კალანდარიშვილს.