პირველი მაისიდან იმ მომხმარებლებისთვის, რომლებსაც ლარში აქვთ შემოსავალი, სავალუტო კრედიტის გაცემის ქვედა ზღვარი 400 000 ლარამდე იზრდება - ეროვნული ბანკი

08 აპრილი 2024, 14:41 465 ნახვა

2024 წლის პირველი მაისიდან იმ მომხმარებლებისთვის, რომლებსაც ლარში აქვთ შემოსავალი, სავალუტო კრედიტის გაცემის ქვედა ზღვარი 400 000 ლარამდე იზრდება, – ამის შესახებ ეროვნული ბანკის ფინანსური სტაბილურობის კომიტეტმა მიიღო გადაწყვეტილება.

2024 წლის იანვრიდან სავალუტო დაკრედიტების ზღვარი 200 000 ლარიდან 300 000 ლარამდე გაიზარდა, მაისიდან კი, ზღვარი კიდევ 100 000 ლარით გაიზრდება.

ცენტრალურ ბანკში აღნიშნავენ, რომ ზღვრის აწევამ ქვეყანაში ეროვნული ვალუტით დაკრედიტების წახალისებას და შესაბამისად, მსესხებლებისთვის სავალუტო რისკების შემცირებას შეუწყო ხელი.

„საქართველოს ფინანსური სისტემა ინარჩუნებს მდგრადობას და ეკონომიკის დაკრედიტებას განაგრძობს. 2024 წლის თებერვლის მონაცემებით, ბანკები კაპიტალისა და ლიკვიდობის ჯანსაღ მაჩვენებლებს ინარჩუნებენ. საკრედიტო აქტივობა მდგრად დონეზეა. 2024 წლის თებერვალში სესხების წლიურმა ზრდამ, გაცვლით კურსის ეფექტის გამორიცხვით, 16.4 პროცენტი შეადგინა, რაც მნიშვნელოვანწილად, ბიზნეს სესხების ზრდით იყო განპირობებული. ეტაპობრივად იხურება სესხის მშპ-სთან ფარდობის გაპი. აღნიშნული პოზიტიური დინამიკის ფონზე, ეროვნული ბანკი დედოლარიზაციის გრძელვადიანი გეგმის განხორციელებას აგრძელებს. ეროვნული ბანკი აქტიურად განაგრძობს მუშაობას ფინანსური დოლარიზაციის მაღალი დონით გამოწვეული სტრუქტურული რისკების შესამცირებლად.

ბოლო წლებში არსებული პოზიტიური ტენდენციის მიუხედავად, დოლარიზაცია და მასთან დაკავშირებული რისკები ფინანსური სექტორისთვის კვლავ მნიშვნელოვან გამოწვევას წარმოადგენს. უცხოურ ვალუტაში დენომინირებულ, უმეტესად ცვლადგანაკვეთიან სესხებს, თან ახლავს საპროცენტო და გაცვლითი კურსის რისკები, რომლებიც განსაკუთრებით საყურადღებოა უცხოურ ვალუტაში არაჰეჯირებული მსესხებლების მაღალი წილის, რეგიონის ვალუტების გაცვლითი კურსის გაზრდილი მერყეობისა და გლობალურად გამკაცრებული ფინანსური პირობების ფონზე. ზემოთ აღნიშნული რისკების შერბილების მიზნით, ეროვნულმა ბანკმა 2024 წლის პირველი იანვრიდან უცხოური ვალუტის არაჰეჯირებული სესხების ლიმიტი 200 000-დან 300 000 ლარამდე გაზარდა“, – ნათქვამია ეროვნული ბანკის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი